შრომის ინსპექციის მონიტორინგს საწარმოებისა და კომპანიების უმრავლესობა მოუმზადებელი შეხვდა. ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველგან შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია.
ზუსტი სტატისტიკა, რამდენი დარღვევაა აღმოჩენილი, ჯერჯერობით უცნობია.
კომპანიები უსაფრთხოების კუთხით დასაქმებული ადამიანების უფლებებს თითქმის მასობრივად არღვევენ. როგორ გაზეთი „რეზონანსი" წერს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ადასტურებს, რომ წესების დარღვევა საკმაოდ მასშტაბურია, მის გამოსწორებას კი საკმაო დრო დასჭირდება.
„კანონის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, რომ მოახდინოს საფრთხის შეფასება და მისი იდენტიფიცირება, რაც არის საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ მიკროკლიმატის პარამეტრები ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ფაქტორები დარღვეულია. სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანიებში სხვადასხვა პრობლემაა.
შემაჯამებელი ანგარიში წლის ბოლოს გაკეთდება. ჯერჯერობით რამდენიმე ათეული კომპანია შემოწმდა. შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მცირე ნაწილი შეხვდა მზად ამ პროცესს, კომპანიების უმეტესობა კი პრობლემურია", - განუცხადა ბექა ფერაძემ „ბიზნეს-რეზონანსს".
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში პირველ ეტაპზე გაიცემა გაფრთხილება, შემდეგ ეტაპზე – ჯარიმა და მესამე ეტაპი არის საქმიანობის შეჩერება.
„არსებობს სხვადასხვა სიმძიმის დარღვევა: არსებითი, არაარსებითი და კრიტიკული შეუსაბამობა. არსებითი და არაარსებითი დარღვევა გულისხმობს ისეთ დარღვევას, რომელიც მყისიერ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. რაც შეეხება კრიტიკულ შეუსაბამობას, აქ უკვე ლაპარაკია ისეთ პირობებზე, როცა საფრთხეშია ადამიანის სიცოცხლე და, შესაბამისად, დაუყოვნებლივ ხდება სამუშაოს შეჩერება.
სამწუხარო ფაქტია, რომ კომპანიების უდიდეს ნაწილში უსაფრთხოების სტანდარტი დარღვეულია. ფორმების დაუცველობა თითქმიის ყვლეგან აშკარაა. კანონი აწესებს, რომ ყველა კომპანიას უნდა ჰყავდეს უსაფრთხოების მენეჯერები, რომლებიც შეაფასებენ პრობლემას, შეფასებული დოკუმენტებით მოხდება დაგეგმვა და პრობლემის თავიდან აცილება", - აცხადებს ფერაძე.
ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ეფექტური შრომის ინსპექციის არარსებობასა და დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე მუდმივად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები.
გაერთიანებული პროფკავშირების სტატისტიკით, 2017 წელს 41 ადამიანი დაიღუპა და 66 მძიმედ დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს. მათგან მშენებლობაზე მუშაობისას 17 გარდაიცვალა და 22 მძიმედ დაშავდა. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე 29 ადამიანი გარდაიცვალა, 24 კი მძიმე დაშავდა. გაცილებით დიდია სიკვდილის შემთხვევები ტრავმის შემდეგ, რასაც ოფიციალური უწყებები აღარ აღრიცხავენ.
როგორც პროფკავშირებში აღნიშნავენ, ახლა შრომის ინსპექცია აშკარად უკეთესად ართმევს თავს ვალდებულებას, მაგრამ მაინც არ არის იმ სიმაღლეზე, რომ ყველა გამოწვევას გაართვას თავი. გაერთიანებული პროფკაშვირების წარმომადგენელ ვიტალი გიორგაძის შეფასებით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე პრობლემა, რის გამოსასწორებლადაც შრომის ინსპექციას დიდი შრომა დასჭირდება.
„შრომის ინსპექცია ახალ ფორმატში იწყებს მუშაობას და უკვე მიეცა უფლება, რომ გაფრთხილების გარეშე შევიდეს ნებისმიერ საწარმოში. გაეზარდათ უფლებამოსილება სანქციებთან დაკაშვირებითაც. ცხადია, იგი არ არის სრულყოფილი, აქვს ხარვეზები, მაგრამ არსებითად განსხვავდება იმისგან, რაც ბოლო დრომდე იყო. გაუმჯობესება ამ მიმართულებით ნამდვილად შესამჩნევია.
რაც შეეხება გამოძიებულ საქმეებს, როგორიცაა მაღაროს საქმე ჭიათურაში, იქ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული სამუშაოების გარდა, აუცილებელი გახდა საერთაშორისო ინსპექტირების ორგანიზაციის მოწვევა. ეს მეტყველებს, რომ ჩვენი ქვეყნის შრომის ინსპექცია არ არის იმ სიმაღლეზე, რომ ყველა გამოწვევას გაართვას თავი.
ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აქტიურად ჩავერიოთ შრომის ინსპექციის ფორმირებაში და ვნახავთ, რას გვიჩვენებს იგი პრაქტიკაში. მაღაროსთან დაკავშირებით კონკრეტული დამნაშავეები გამოვლენილია, მაგრამ მიმდინარეობს კვლევა, რამდენად შეუძლია მაღაროს მუშაობა და რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტს. სწორედ ამ მიმართულებით დაგვჭირდა უცხოური ორგანიზაციის ჩართვა.
საჭიროა, უსაფრთხოება იმ დონეზე იქნეს აყვანილი, რომ ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ამის კომპეტენცია შრომის ინსპექციას ჯერჯერობით არ გააჩნია. შრომის სამართლებრივი ურთიერთობაც მოსაწესრიგებელია, ამ მხრივაც ჯერჯერობით ბევრი პრობლემაა, რასაც შრომის ინსპექცია ვერ არეგულირებს.
ასევე, სერიოზული პრობლემაა აღსრულების მექანიზმი. იგი დასახვეწია და, შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ რჩება რამდენიმე ხარვეზი, რის გამოსასწორებლადაც შრომის ინსპექციას დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება", - აცხადებს „რეზონანსთან" ვიტალი გიორგაძე.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"