ტრამპი, ბრექსიტი და ქსენოფობია გერმანიის ზრდას აფერხებენ

გერმანიის BDI ინდუსტრიის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, წელს ქვეყნის ეკონომიკა მოსალოდნელზე ნელი ტემპით გაიზრდება.

უფრო მეტიც, აშშ-ის სატარიფო პოლიტიკის, ბრექსიტის და ქვეყანაში მზარდი ქსენოფობიური განწყობის გამო, გერმანულ ექსპორტზე მოთხოვნა შესაძლოა, შემცირდეს.

BDI-ს პრეზიდენტ დიტერ კემპფის თქმით, წელს გერმანიის ეკონომიკა 2.0 პროცენტით გაიზრდება, რაც უწინდელ პროგნოზზე (2.25 პროცენტი) ნაკლებია. იმავდროულად, ექსპორტის 3.5 პროცენტით ზრდაა მოსალოდნელი. ძველი პროგნოზით, ამ მხრივ 5-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი.

გერმანიის ეკონომიკურ ინსტიტუტებს მომზადებული აქვთ ანგარიში, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდება. თუმცა როიტერსის მიერ, ან ანგარიშთან დაკავშირებული ორი წყაროსგან მოპოვებული ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკა წელს 2.2 პროცენტის ნაცვლად, 1.7 პროცენტით გაიზრდება. კემპფის თქმით, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეკონომიკის ზრდას ქვეყანაში მომძლავრებული ნაციონალისტური განწყობა დააზარალებს.

ევროპის უდიდესი ეკონომიკა, ზედიზედ ცხრა წელია, ზრდას აგრძელებს და კემპფის მოსაზრებით, ეს პროცესი გაგრძელდება. თუმცა გერმანელებს აფრთხილებს, რომ ისინი ეკონომიკის შესაძლო შემცირებისთვისაც მზად უნდა იყვნენ. იმისათვის რომ ასე არ მოხდეს, BDI თვლის, რომ საჭიროა კორპორატიული გადასახადების შემცირება, ასევე ინვესტიციების ზრდა განათლებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროში.

კემპფი ასევე თვლის, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკა, ასევე მოახლოებულ ბრექსიტთან დაკავშირებული სირთულეები, გერმანიის ეკონომიკისთვის რისკების შემცველია, რადგან ამის გამო, მთელს მსოფლიოში კლებულობს ინვესტიციები, რაც გერმანულ ექსპორტს შეამცირებს.