ტრამპის ტარიფები მეტალებზე „ფორდს“ ერთი მილიარდი დოლარი უჯდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული საბაჟო ტარიფები „ფორდის“ მოგებას ერთი მილიარდი დოლარით ამცირებს.„ჰონდა“ კი იძულებულია, რომ ფოლადზე გაზრდილი თანხები, ავტომობილების ახალ ფასებში ასახოს.

„მეტალზე ტარიფები „ფორდს“ მოგებას ერთი მილიარდი დოლარით შეუმცირებს. ირონია ისაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გამოყენება გვიწევს. თუ ასე გაგრძელდა, ეს უფრო მეტად გვაზარალებს“, - ნიუ იორკში გამართულ „ბლუმბერგის“ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა „ფორდის“ მთავარმა აღმასრულებელმა ჯეიმს ჰეკეტმა.

კომპანიის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, თუ რა პერიოდზეა გადაანგარიშებული ეს ერთი მილიარდი. პრეს-მდივანმა დააზუსტა, რომ „ფორდის“ მიერ ჩატარებული პროგნოზული კვლევის შესაბამისად, მეტალის გაძვირება კომპანიას 2018 და 2019 წლებში სწორედ 1 მილიარდს დააკარგვინებს. არადა, კომპანია თავისი ავტომობილების წარმოებისას, მეტწილად ამერიკაში წარმოებულ ფოლადსა და ალუმინს იყენებს.

„ჰონდა“ აცხადებს, რომ მეტალების გაძვირება, მისი ავტომობილების ფასებზე ჯერ არ ასახულა, თუმცა კომპანია სწორედ ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანშეწონილებას განიხილავს.

შეერთებულმა შტატებმა ფოლადის იმპორტი 25 პროცენტით, ალუმინისა კი 10 პროცენტით დაბეგრა. გაძვირებული იმპორტი, ადგილობრივ მწარმოებლებს ფასების აწევის და მეტი მოგების მიღების საშუალებას აძლევს.

თავისი საარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპი ხაზგასმით ამბობდა, რომ ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი, ამერიკელ მწარმოებლებს და მუშა-მოსამსახურეებს მძიმე ტვირთად აწვება. ადმინისტრაციაში მოსვლის შემდეგ, ტრამპმა ტარიფების აწევა დაიწყო და განაცხადა, რომ სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ყველანაირად შეუწყობს ხელს.

მეტალებზე ტარიფების აწევის შემდეგ, ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს დაავალა, რომ „სექცია 232-ის“ ფარგლებში გამოიკვლიოს, ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებსა და სათადარიგო ნაწილებზე ტარიფების 25 პროცენტამდე გაზრდას რა ეფექტი ექნება. შესაბამისი ფონის შემთხვევაში, „სექცია 232“ ქვეყნის პრეზიდენტს აძლევს იმის უფლებას, რომ ტარიფების მეშვეობით, იმპორტი დააბალანსოს.

„IHS მრკიტის“ ინფორმაციით, თუ პრეზიდენტი „სექცია 232-ს“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აამოქმედებს, ახალი ავტომობილების ფასებს 1 800-5 700 დოლარით გაზრდის. ამას კი ქვეყნის მასშტაბით, 2020 წელს ახალი ავტომობილების გაყიდვების 2.2 მილიონით შემცირება მოჰყვება. ახლანდელი პროგნოზით, 2020 წელს ამერიკაში 17 მილიონი ახალი ავტომობილის გაყიდვაა მოსალოდნელი, ახალი ტარიფების გამო კი ეს რიცხვი ალბათ 14.5 მილიონამდე დაიკლებს. ამის კვალობაზე, დაახლოებით 300 ათასით შემცირდება სამუშაო ადგილების რიცხვი.