თურქეთში ერთი დოლარის ღირებულებამ უკვე 6 ლირას გადააჭარბა.ინფლაციის დონემ გამოცემა "ჰურიეტის" ინფორმაციით, 2003 წლის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და აგვისტოში 18% შეადგინა. საწარმოო ფასი კი 32,13%-ით გაიზარდა. მიმდინარე წელს ლირა დოლართან მიმართებით 42%-ით გაუფასურდა და აღნიშნულმა მონაცემებმა თურქეთის ეკონომიკისთვის უკვე სახიფათო ნიშნულს მიაღწია.
ქვეყნის რთული ეკონომიკური მდგომარეობით დამძიმებული რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ნუგეშის მისაღებად კვლავ დასავლეთით, თავის ტრადიციულ პარტნიორთან და ყოფილ მეგობართან გაემგზავრა. ის დღეს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ხვდება. მთავარი კითხვა კი რაც მათ შეხვედრას ახლავს თან, შეძლებს თუ არა თურქეთის პირველი პირი გერმანიასთან და ევროპასთან არსებული უთანხმოების შერბილებას?
თურქეთსა და გერმანიას შორის მტრული დამოკიდებულება მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ოფიციალური ანკარა სირიის კონფლიქტში ჩაერთო. ამას ისიც დაემატა, რომ 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ განხორციელებული დაპატიმრებები გერმანელ თურქებსაც შეეხოთ.
ქვეყნებს შორის უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტიც, რომ თურქეთს სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის მასპინძლობა უწევს იმისთვის, რომ გერმანიაში და ზოგადად ევროპის კონტინენტზე წარმოშობილი მიგრანტთა კრიზისი შეამსუბუქოს. ამ პირობის შესრულების სანაცვლოდ კი მან ევროკავშირში სასურველი წევრობა მაინც ვერ მიიღო, რადგან ევროპას ისევე როგორც გერმანიას უფრო სტაბილური და მეტად დემოკრატიული თურქეთი სურს.
ამასთანავე თურქეთმა მოახერხა და გერმანიის პარალელურად, ოფიციალური ვაშინგტონის რისხვაც დაიმსახურა, როდესაც თეთრი სახლის თხოვნა არ გაითვალისწინა და ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ევანგელისტური ეკლესიის პასტორი ენდრიუ ბრანსონი პატიმრობაში დატოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავისი თხოვნის უგულვებელყოფის საპასუხოდ ოფიციალურ ანკარას ფოლადსა და ალუმინზე ფასი გაუორმაგა, რასაც არც თურქეთი ჩამორჩა და აშშ-ს ანალოგიური სანქციები დაუწესა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თურქეთის ეკონომიკურმა კრიზისმაც სწორედ აქედან აიღო სათავე.
თუმცა, არც თურქეთის პრეზიდენტია განსხვავებული მოსაზრების, რომელმაც ლირის გაუფასურება "თურქეთის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციას" დააბრალა და არა რაიმე ეკონომიკურ პირობებს. კითხვის გაგრძელება