კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება დამტკიცდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით "კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ" დებულება დამტკიცდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საბანკო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, ხოლო დებულება "კომერციული ბანკებისთვის ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ" სწორედ აღნიშნული პროცესის ფარგლებში დამტკიცდა.

ცნობისთვის, ლევერიჯი არის ობიექტური ფაქტორი, რომელიც წარმოიქმნება ბალანსის პასივში სასესხო სახსრების გამოჩენასთან ერთად და რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ დამატებითი მოგება საკუთარ კაპიტალზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მისი მიზანია საბანკო სექტორში ჭარბი ლევერიჯის დაგროვების თავიდან არიდება.

"ლევერიჯის კოეფიციენტი მარტივი მაჩვენებელია, რომელიც რისკებზე დაფუძნებული ბაზელ III-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების თანამედროვე და ეფექტური შემავსებელია. აღნიშნული მაჩვენებელი კომერციული ბანკის პირველადი კაპიტალის რისკის პოზიციებთან შეფარდებით მიიღება. დამტკიცებული დებულება შესაბამისობაშია როგორც საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის ბაზელ III-ის სტანდარტებთან, ასევე ევროპის პარლამენტისა და საბჭოს შესაბამის რეგულაციასთან (CRR), რომლის მოთხოვნებთან დაახლოების ვალდებულება საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით არის განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ დებულებით განსაზღვრულ ლევერიჯის კოეფიციენტის მინიმალურ მოთხოვნას, რომელიც 5%-ს შეადგენს, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი აკმაყოფილებს",- ნათქვამია  ეროვნული  ბანკის  მიერ  გავრცელებულ  ინფორმაციაში.