„რეზონანსი" - რუსულ ცხვარს ქართულად ასაღებენ, ფასმა 40 ლარით მოიმატა

საქართველოში რუსული ცხვარი შემოდის და როგორც ქართული პროდუქტი, ისე გადის ექსპორტზე.„მეცხვარეთა ასოციაციაში" ამბობენ, რომ ამ პროცესის საწინააღმდეგო დიდად არაფერი აქვთ, რადგან რუსული ცხვარი პირდაპირ სასაკლაოზე შეჰყავთ, ადგილზე იკვლება და დაავადების გავრცელების რისკს არ ქმნის. როგროც გაზეთი „რეზონანსი" წერს, რეალურად, ექსპორტში დიდი წილი რუსულ ცხვარს უჭირავს და ძირითადად ირანში გადის.

საგულისხმოა, რომ 2017 წელს საქართველოდან ცხვრის ექსპორტი – ორჯერ, ხორცის ექსპორტი კი 7-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემით, გასულ წელს 361 711 დაკლული ცხვრის ხორცია ექსპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებელს 50 709-ით აღემატება.

რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ცხვრისა და თხის იმპორტი ქვეყანაში 7180 სულს შეადგენდა. მომდევნო 2017 წელს ეს მაჩვენებელი 18 879-ით განისაზღვრა.

საგულისხმოა, რომ ცხვრის ფასიც გაზრდილია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სხვაობა დაახლოებით 40 ლარია.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელ ბექა გონაშვილის თქმით, ზრდასრული ცხვრის ფასი, რომელიც 30-35 კილოგრამს იწონის, 220-230 ლარამდეც კი აღწევს, რისი მიზეზიც ცხვარზე გაზრდილი მოთხოვნაა.

„ქართული ცხვრის ბაზარზე მდგომარეობა წელს აშკარად გაუმჯობესებულია. შედარებაც არ არის იმ ვითარებასთან, რაც 3-4 წლის წინ იყო. ბაზრები დივერსიფიცირებულია, შემოდიან სხვადასხვა კლიენტები, რისი საშუალებაც ადრე მეწარმეებს ნაკლებად ჰქონდათ. რეალურად, ბაზარზე მონოპოლია ჩამოყალიბდა, ცხვრის ექსპორტს ერთი ჯგუფი განკარგავდა და ფასიც არაადეკვატური იყო. ახლა წნეხი მოიხსნა და მყიდველი ცხვარს ყიდულობს იმ ფასად, როგორც უღირს.

გარდა ამისა, ძალიან გაიზარდა ქართულ ცხვარზე მოთხოვნა ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან. ამ ქვეყნებში წელიწადში ექსპორტზე, საშუალოდ, 200-220 ათასი სული იგზავნება; მათ შორის ირანში – დაკლული სახით, ხოლო ქუვეითში, დუბაიში, ყატარსა და სხვა ქვეყნებში – ცოცხალი სახით.

აქ ერთი პრობლემაა, რაც აუცილებლად მოითხოვს ყურადღებას. ძალიან დიდი რაოდენობით ცხვარი შემოედინება რუსეთიდან, პირდაპირ სასაკლაოზე შედის, იკვლება და როგორც ქართული, ისე იგზავნება ექსპორტიორ ქვეყნებში, რამაც, შესაძლოა, სერიოზული პრობლემა შეგვიქმნას ქართველ მწარმოებლებს. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება.

ფაქტობრივად, იგივე ხდება, რაც სომხური ცხვრის შემთხვევაში, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ პირდაპირ სასაკლაოში შესული პირუტყვი დაავადების პროვოცირებას აღარ ახდენს", - განაცხადა ბექა გონაშვილმა.

მესაქონლეობის ბაზარზე, კერძოდ, მეცხვარეობაში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებენ ფერმერთა გაერთიანებაში, სადაც „რეზონანსს" უთხრეს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა, მაგრამ მთავარი მიმდინარე ტენდენციის შენარჩუნებაა.

ორგანიზაცია „ჩვენი ფერმერის" ხელმძღვანელი მიხეილ ჭაჭაყუა ამბობს, რომ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად რჩება ცხვრის რაოდენობა ქვეყანაში, რა მხრივაც სტატისტიკა სახარბიელო არ არის.

„მეცხვარეობაში ვითარება ბოლო პერიოდში ნამდვილად გამოსწორდა, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საბაბს. მთავარია, მიღწეული შედეგი გავაუმჯობესოთ. ამ ეტაპზე ერთ-ერთი გამოწვევა ცხვრის სულადობის შენარჩუნებაა. ბოლო მონაცემებით, 900 000-მდე სული ცხვარი გვყავს ქვეყანაში, რაც საკმარისი არ არის.

ვფიქრობ, ეს მაჩვენებელი მომდევნო წლების განმავლობაში მოიმატებს. რაც შეეხება ექსპორტს, ძირითადად ხორცის სახით გადის, თუმცა ცოცხალ ცხვარზეც აღმოსავლეთის ქვეყნებში მოთხოვნა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. დღეს ბაზარი საგრძნობლად არის დაცული.

დაავადებების მხრივაც ვითარება გამოსწორდა, ეს რისკი აღარ არის და სულადობაზე ამანაც გავლენა უნდა მოახდინოს. მთავარია, მატება არ შემცირდეს. იმედია, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ბაზარზეც შევძლებთ სტაბილურობის შენარჩუნებას.

რამდენადაც ვიცი, სახელმწიფოც მაქსიმალურად უწყობს ხელს, რომ მესაქონლეობის ბაზარზე ქვეყანამ წარმატებას მიაწღიოს. ბევრი რამ მეწარმეებზეც არის დამოკიდებული. ჯერჯერობით სიმშვიდეა და მთავარია, ეს მდგომარეობა დავიცვათ და შევინარჩუნოთ", - ამბობს მიხეილ ჭაჭაყუა.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"