პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ყოველთვიური ანაზღაურების 10 ათას ლარამდე გაზრდის შესაძლებლობა აქვთ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიღების შედეგად, თანამდებობის პირების სახელფასო პოლიტიკაში არსებული ტენდენციების ანალიზს აქვეყნებს.

ამ მიზნით, IDFI-მ შეისწავლა 100-მდე საჯარო დაწესებულებიდან (პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პარლამენტის აპარატი, სამინისტროები, სამინისტროებს დაქვემდებარებული და სხვა დამოუკიდებელი სსიპ-ები) მიღებული საჯარო ინფორმაცია ახალი კანონის ძალაში შესვლამდე და ძალაში შესვლის შემდეგ მოქმედი საშტატო ნუსხების და თანამდებობის პირებზე საანგარიშო პერიოდში გაცემული შრომის ანაზღაურების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი მიიღო, რომლითაც განისაზღვრა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების საკითხი. ახალი კანონის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა. ახალი კანონის პირობებში, პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შრომის ანაზღაურების სამართლიანი სისტემის ფორმირების პროცესში, გამოწვევად იქცა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის კოეფიციენტების ახალი სისტემა.

როგორც IDFI-ს კვლევაშია აღნიშნული, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების“ შესახებ კანონის მიხედვით, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი - 10.0 გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრისთვის. ორგანიზაციის ცნობით, 2018 წელს განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს (1000 ლარი) გათვალისწინებით ახალი კანონი მათი ყოველთვიური ანაზღაურების 10 000 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

„პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული 2018 წლის საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო, წინა წლის მსგავსად, 6 900 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული. საქართველოს პრეზიდენტზე განვლილ წლებში პრემიისა თუ სახელფასო დანამატის გაცემის შემთხვევა არ ფიქსირდება, ხოლო ახალი კანონის პირობებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა აიკრძალა, შესაბამისად, პრეზიდენტის ანაზღაურება ახალი კანონის პირობებში უცვლელი დარჩა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამდებობის პირებისათვის შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის მიღებამდე ყოველთვიურად განსაზღვრული იყო სახელფასო დანამატები და გარკვეული პერიოდულობით გაიცემოდა პრემიები. შესაბამისად, ახალი კანონის მიხედვით, პრემიებზე და დანამატებზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე 2017 წლის მდგომაროებით არსებული შრომის ანაზღაურების ოდენობის შენარჩუნება შესაძლებელი იყო ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ზრდის ხარჯზე. 2018 წელს დამტკიცებული საშტატო ნუსხის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების ყოველთვიური სარგოს ოდენობა განისაზღვრა წინა წელს მოქმედი ყოველთვიური სარგოსა და შესაბამის თანამდებობაზე დაწესებული ყოველთვიური სახელფასო დანამატის ჯამის ოდენობით. მაგალითად, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოველთვიური სარგო შეადგენდა 3 540 ლარს, ხოლო ყოველთვიური სახელფასო დანამატი - 2710 ლარს. 2018 წლიდან მისი ყოველთვიური სარგო შეადგენს 6250 ლარს.

bpn

bpn

„2018 წლამდე საქართველოს პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განსაზღვრული იყო 2000 ლარის ოდენობით. თუმცა, მათი თანამდებობის მიხედვით, განსაზღვრული იყო სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა და სხვა დანამატი. შედეგად, პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურება სადეპუტატო თანამდებობების მიხედვით დაახლოებით 4 600-დან 6 700 ლარამდე მერყეობდა. ახალი კანონის მიხედვით, პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტები მათი თანამდებობების მიხედვით 8-დან 10-მდე მერყეობს.

შესაბამისად, ახალი კანონი იძლეოდა შესაძლებლობას, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაზრდილიყო, მაგალითად, პარლამენტის ჩვეულებრივი წევრის ანაზღაურება 4 623 ლარიდან 8 000 ლარამდე, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის 6 738 ლარიდან 10 000 ლარამდე. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, 2018 წლიდან პარლამენტის წევრის ყოველთვიური სარგო განისაზღვრა იმავე ოდენობით, რასაც წინა წლის განმავლობაში იღებდნენ სარგოსა და დანამატების სახით ერთად. შესაბამისად, 2018 წლიდან მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეცვლილა, თუმცა ანაზღაურების ფორმას, წინა წლებისგან განსხვავებით, წარმოადგენს მხოლოდ ყოველთვიურ სარგო,“-აღნიშნულია კვლევაში.

bpn

ორგანიზაციის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციამ IDFI-ის არ მიაწოდა 2018 წელს პრემიერ-მინისტრისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის საშტატო ნუსხით განსაზღვრული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, კვლევაში ვერ იქნა წარმოდგენილი შრომის ანაზღაურების შესახებ ახალი კანონის გავლენის ანალიზი მთავრობის ადმინისტრაციის თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ოდენობაზე.