კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის კოლეგიამ ერთ წელიწადში 1035 საქმე განიხილა - რა მიმართულება დაემატა კოლეგიას

კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის კოლეგიამ 2017 წლის 1-ლი აგვისტოდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, 1035 საქმის განხილვა დაასრულა.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 2 ივლისიდან სპეციალიზაციას ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავებიც დაემატა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების განმხილველი სპეციალური მიმართულება 2017 წლის 1-ელ აგვისტოს შეიქმნა. ვიწრო სპეციალიზაცია განიხილავს შემდეგი კატეგორიის დავებს: სანივთო (ქონებრივი) სამართლებრივი დავები, გარდა საკუთრების, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული პირების რეგისტრაცია-მართვასთან დაკავშირებული დავები; სამეწარმეო სამართლებრივი დავები; გაკოტრების საქმეთა წარმოება; ვალდებულებით-სამართლებრივი დავები და აღნიშნულიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული დავები, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს (კომერციული დავები).

იუსტიცის უმაღლესი საბჭოს ცნობით, დღეისთვის განსახილველია 219 საქმე, საიდანაც 108 კომერციული, 49 გაკოტრების და 62 სხვა (გადმოყოლილი) საქმეა.

ამასთან, იმატა განსახილველი საქმეებით მიმართვიანობამ. თუკი მაისის მონაცემებით, თვეში საშუალოდ 10-14 საქმე შედიოდა, ახლა 16-მდე გაიზარდა. რაც შეეხება დასრულებულ დავებს, იუსტიციის უმაღლესი სამჭოს მონაცემებით, თვეში საშუალოდ 19 საქმე სრულდება.

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 02 ივლისიდან სპეციალიზაციას დაემატა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავები, (გარდა ნაწარმოების გამოყენების აკრძალვის და საავტორო უფლების მფლობელთან დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ დავებისა).

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის 1-ლი აგვისტოს კომერციული დავების კატეგორიაში განსახილველ საქმეთა ნაშთი შეადგენდა 895 საქმეს, მათ შორის გაკოტრების 51 საქმე.

2017 წლის 1-ლი აგვისტოდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით კომერციული დავების განმხილველ მოსამართლეებს განსახილველად დაეწერა 359 საქმე, საიდანაც 193 კომერციული, 18 გაკოტრების და 148 გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული სარჩელი იყო.

2017 წლის 1-ლი აგვისტოდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით კომერციული დავების განმხილველ მოსამართლეების მიერ დასრულებულია 1035 საქმე, (მათ შორის, 4 საქმე გაუერთიანდა სხვა საქმეს), საიდანაც 254 კომერციული დავაა, გაკოტრების პროცესთან დაკავშირებული 20 საქმე და 761 სხვა (გადმოყოლილი) საქმე იყო“,- აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

ნინი ქეთელაური