ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 368.5 მლნ აშშ დოლარი (901.4 მლნ ლარი, მეორე კვარტალის მშპ-ს 8.9%) შეადგინა.
სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება, რომლის უარყოფითი სალდო 2018 წლის მეორე კვარტალში წლიურად 20.6%-ით გაიზარდა და 1.0 მლრდ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი) შეადგინა. მეორე კვარტალში საქონლის ექსპორტი წლიურად 28.2%-ით, ხოლო იმპორტი 24.5%-ით გაიზარდა.
„მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ძირითადად ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2018 წლის მეორე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 19.6%-ით, ხოლო იმპორტი 18.5%-ით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 28.6%-ით გაიზარდა და მეორე კვარტალში 810.0 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი) შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 10.0%-ით გაიზარდა და 2018 წლის მეორე კვარტალში 383.2 მლნ აშშ დოლარი (937.2 მლნ ლარი) შეადგინა. ამ პერიოდში კერძო სექტორის ტრანსფერები გაზრდილი იყო, ხოლო სამთავრობო - შემცირებული.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მეორე კვარტალში 277.2 მლნ აშშ დოლარი (677.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 6.7%-ია. მეორე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორებში განხორციელდა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.