აგვისტოს თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სურსათზე ფასები გაზრდილია 3,3%-ით, მედიკამენტებზე - 10,3%-ით, ხოლო ბენზინზე - 19,5%-ით,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განუცხადა. მისი თქმით, იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზრდის მიზეზი ვალუტის დევალვაციაა.
„სასურსათო საქონელზე ფასები გაზრდილია 3,3%-ით, რაც შეეხება მედიკამენტებს, სახეზე გვაქვს 10,3%-იანი ზრდა, ხოლო ბენზინზე - 19,5%-ით. რთულია იმის თქმა, ფასების ზრდის ტენდენციას უნდა ველოდოთ თუ არა.
ვალუტის დევალვაცია გარკვეულ გავლენას ახდენს პროდუქტის ფასების ზრდაზე იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო კალათაში იმპორტულ პროდუქციას დაახლოებით 25%-იანი წილი აქვს, ანუ ვალუტის დევალვაციას მეოთხედი გავლენა აქვს ფასების ზრდაზე. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობპროდუქტები, მათ შორის ბენზინი მთლიანად იმპორტირებული პროდუქტია, რა თქმა უნდა, ვალუტის დევალვაცია მასზე გავლენას მოახდენს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.