„თუ აზარტული თამაშების საქმიანობა რაიმე კუთხით შეიზღუდება, ამას მხოლოდ მივესალმები. მაგრამ ცვლილებები, რომელიც ახლაა წარმოდგენილი, ძალიან დაგვიანებული და არასაკმარისია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აფბას ანალიტიკოსმა ზურაბ კუკულაძემ განუცხადა.
საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, შესაძლოა, აიკრძალოს.
პროექტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშები რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში აიკრძალება. ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.
კანონპროექტით დგინდება, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში.
აღნიშნულ ინიციატივას აფბა-ს ანალისტიკოსი ზურაბ კუკულაძე მიესალმება, თუმცა თვლის, რომ აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა დაგვიანებული და არასაკმარისია.
„თუ აზარტული თამაშების საქმიანობა რაიმე კუთხით შეიზღუდება, ამას მხოლოდ მივესალმები. მაგრამ ცვლილებები, რომელიც ახლაა წარმოდგენილი, ძალიან დაგვიანებული და არასაკმარისია. საქართველოს მოსახლეობის ძალიან მაღალი პროცენტი აზარტულ თამაშებშია ჩართული, რაც ერთგვარ შეჩვევას იწვევს. აქედან გამომდინარე, აზარტული თამაშების პოპულარიზაცია მის რეკლამირებაზე აღარ არის დამოკიდებული. რეკლამის შეზღუდვა მომხმარებლების რაოდენობაზე არ იმოქმედებს. აქედან გამომდინარე რეკლამირების შეზღუდვა ბევრი არაფრის მომტანი არ იქნება. ეს კარგი იქნებოდა საწყის ეტაპზე, როცა აზარტული თამაშები პოპულარული ხდებოდა,“ - განაცხადა კუკულაძემ.
ამასთან, კუკულაძის თქმით, სახელმწფო ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს აზარტული თამაშები საქართველოს ეკონომიკისთვის კარგია თუ ცუდი.
„შემიძლია დავასაბუთო, რომ აზარტული თამაშები საქართველოს ეკონომიკისთვის დამღუპველია. როდესაც მოსახლეობის ჯიბიდან ამდენი ფული გაედინება, ეს ფული ისევ საქართველოს ეკონომიკას აკლდება. აკლდება ნებისმიერ სფეროს, სადაც შეიძლება ეს ფული დახარჯულიყო.
დღეს სახელმწიფოსგან მზაობას ვერ ვხედავ, რომ ამ საქმიანობის შეზღუდვა უნდათ.
სისტემა ფაქტობრივად, უკონტროლოა, არანაირი აღრიცხვა, ვინ არის მოთამაშე, რა ტიპის ადამიანები თამაშობენ, რა ტიპის ფული ტრიალებს, არ მიმდინარეობს. ინფორმაცია, რა ხდება ამ ბიზნესში, არ გვაქვს. პირველ რიგში, ასეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ამ სისტემის სწორი ადმინისტრირება მოხდეს და შემდეგ შესაბამისი პოლიტიკა შემუშავდეს, როგორ შეიძლება აღნიშნულ სექტორში ამდენი ფულის შედინება შეიზღუდოს,“ - აღნიშნა კუკულაძემ.
აღსანიშანვია, რომ პალიტრა მედია ჰოლდინგი უკვე რამდენიმე წელია საკუთარ მედიასაშუალებებში აზარტული თამაშების რეკლამირებას აღარ ახდენს და შესაბამისად სოლიდურ შემოსავალზე ამბობს უარს.
ლიკა ამირაშვილი