„დღეს სახელმწიფო ბიზნესს მიხურავს“ - როგორ აისახება ბიზნესზე პოლიეთილენის პარკების აკრძალვა

„სახელმწიფომ, რომელმაც ფული მომცა, რომ ბიზნესის წარმოება დამიწყო, დღეს იგივესახელმწიფო ბიზნესს მიხურავს“,- ასე ეხმაურება პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი კომპანია „გკგ-ჯგუფის“ დირექტორი იმ რეგულაციებს, რომელიც პლასტიკის პარკებთან დაკავშირებით ამოქმედდება.

საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება. საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, უკვე 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს შემდეგი უწყებები განახორციელებენ:

პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;

პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება. კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

საქართველოში პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი 10-ზე მეტი საწარმო მუშაობს. რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ მათ ან თანამშრომლების შემცირება, ან წარმოებაში ახალი ხაზის დანერგვა, ან მთლიანად დახურვა მოუწევთ. ბიზნესის ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას წარმოების მთლიანად გაჩერებას პროგნოზირებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ახალ ტექნოლოგიაზე გადავლენ, თუმცა თანამშრომლების 40-50%-ით შემცირება მაინც მოუწევთ. მეტიც, მათი თქმით, იმის გამო, რომ ბიო-პარკების წარმოებისთვის ნედლეული და საწარმო დანადგარები საკმაოდ ძვირი ღირს, გამორიცხული არ არის, რომ წარმოებაში ახალი ხაზის გაშვება დროში გადავადდეს.

„გკგ-ჯგუფის“ დირექტორი გაგა ქველიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის რეგულაცია, რომელიც 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება, მათ წარმოებას მთლიანად გააჩერებს.

„15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკი აუცილებლად უნდა აიკრძალოს და ამის წინააღმდეგი არავინ არ არის. მაგრამ ის რეგულაცია, რომელიც ძალაში 2019 წლის 1-ლი აპრილიდან შევა ძალაში და რომელიც მთლიანად პოლიეთილენის პარკების აკრძალვას ეხება, ბიზნესზე ნეგატიურად აისახება. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში გეტყვით, რომ დავიხურებით. დღეს ერთ ტონა ნედლეულში 4 ათას ლარს ვიხდი, ბიო-პარკის წარმოებისთვის ნედლეული კი 12 ათასი ლარი ღირს. თან წარმოების შეცვლისთვის საჭიროა ტექნიკური გადაიარაღებაც, აპარატურა კი საკმაოდ ძვირადღირებულია“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ გაგა ქველიძემ.

„გკგ-ჯგუფი“ 2015 წელს პროექტს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. ამ ეტაპზე კომპანიაში 30 ადამიანია დასაქმებული. გაგა ქველიძე აცხადებს, რომ კომპანიას საბანკო ვალდებულებები დღემდე არ აქვს გასტუმრებული, ამ დროს კი იგივე სახელმწიფო, რომელმაც წარმოება დაუფინანსა, ბიზნესს უხურავს.

„სახელმწიფომ, რომელმაც ფული მომცა, რომ ბიზნესის წარმოება დამიწყო, დღეს იგივე სახელმწიფო ბიზნესს მიხურავს. 2019 წლის 1-ლი აპრილიდან მომიწევს ბიზნესის გაჩერება. განახლებასაც ვერ მოვახერხებთ, რადგან ჩვენ თუ ძველი ვალდებულებები ვერ გავისტუმრეთ, რომელ ტექნოლოგიაზე უნდა ვიფიქროთ, ფინანსურად ეს შეუძლებელია“, - განუცხადა გაგა ქველიძემ „ბიზნესპრესნიუსს“.

პოლიეთილენის მწარმოებელი კომპანია „აა პლასტიც“ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა. დღეს კომპანიაში 130 ადამიანი მუშაობს, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი მელიტა პატარიძე აცხადებს, პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით ამოქმედებული ახალი რეგულაციების შემდეგ თანამშრომლების 40-50%-ის შემცირება მოუწევს.

„ის რეგულაცია, რომელიც ძალაში 2019 წლის 1-ლი აპრილიდან შევა, ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მოგვაყენებს. ჩვენს კომპანიას ყველა მანქანა-დანადგარი საკრედიტო ხაზით გვაქვს ნაყიდი. პროგრამით „აწარმოების საქართველოშიც“ ვისარგებლეთ, საკრედიტო ხაზი გვაქვს. გარდა ამისა, ის ნედლეული, რომელიც ბიო-პარკების წარმოებაში გამოიყენება, პლასტიკის პარკთან შედარებით 3-ჯერ ძვირია. ამიტომ იძულებულები ვიქნებით მოვახდინოთ რეორგანიზაცია და სავარაუდოდ, თანამშრომლების 40-50%-ის გავათავისუფლებთ.

ჩვენ აპრილადმე შევხვდებით მთავრობის წარმომეადგენლებს, პროექტის ინიციატორებს და უფრო დეტალურად გავივლით საკითხეს. ვისაუბრებთ საკრედიტო ვალდებულებებზეც. იმედი გვაქვს, რომ იმ საკრედიტო ხაზებზე, რომლებიც ვალდებულების სახით გვაქვს პოლიეთილენის მწარმოებელ კომპანიებს აღებული, რაღაც შეღავათებს დაგვიწესებენ. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ შეხვედრაზე“, - განაცხადა მელიტა პატარიძემ.

ელზა წიკლაური