საქართველოს სათევზაო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენცილი აქვს.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ განუცხადა. მისივე თქმით, თევზსაშენების ლიცენზირება სწორედ ამ პროცესს შეუწყობს ხელს.
ტყემალაძე ამბობს, მათ ფერდერაციაში ტურისტების „აუარებელი“ ზარები ფიქსირდება, რომლებიც სათევზაო ტურიზმში ჩართვას ითხოვენ. მეტიც, ამ მიზნით ლატვიელებს შაბათ-კვირას საქართველოსთან ჩარტერული რეისის დანიშვნის სურვილიც კი ჰქონდათ. თუმცა, იმის გამო, რომ ჩვენთან ეს სფერო განუვითარებელია, მათ ვერაფერს სთავაზობენ.
ცნობისთვის, თევზის მოშენება საქართველოში შესაძლოა, ლიცენზირებადი საქმიანობა გახდეს. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტების ნუსხაშია საუბარი, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ საშემოდგომო სესიაზე უნდა იმსჯელოს.
როგორც პროექტშია აღნიშნული, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით ქვეყანაში აქვაკულტურისა და მარიკულტურასთან დაკავშირებული საკითხები არ რეგულირდება.
თემურ ტყემალაძის თქმით, რეგულაცია დროულია, რადგან იმის გამო, რომ ეს სფერო არ რეგულირდება, ბევრი უნიკალური თევზის სახეობა დაიკარგა და არსებული რესურსის გამოყენებაც არაეფექტურად ხდება.
„თევზის მოშენების ლიცენზირება, ძალიან კარგი ინიციატივაა. მთავარია, სწორად დარეგულირდეს. ჩვენთან ძალიან ბევრი წყლით დაფარული ტერიტორია უპატრონოდაა მიგდებული ან არასწორად არის ლიცენზია გაცემული, შესაბასმისად, ეფექტი არ აქვს. ეს საქმე თუ დარეგულირდება, ძალიან მოხარული ვიქნები და თუ რაიმე დასჭირდებათ, ჩავერთვები კიდეც. ამ საკითხზე ბევრს მივმართე, მათ შორის, გარემოს დასცვის სამინისტროს, რომ გაკეთედეს ჩვენი ენდემური თევზის საშენები. ეს კარგი იქნება როგორც საწარმოებლად, ისე მდინარეების მოსაწესრიგებლად. ჩვენ ამის დიდი რესურსი გვაქვს. იმის გამო, რომ ყურადღებას არ ვაქცევდით და აზებაიჯანისკენ ბევრი ჰესი აშენდა, დავკარგეთ 5-6 სახეობა თევზის. მე ვფიქრობ, ეს თევზები უნდა გადმოვიყვანოთ ვაწარმოოთ, რადგან ჩვენთვის ძალიან ღირებულია“,-აცხადებს თემურ ტყემალაძე.
მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, თუ რეგულაციების შემოღება ამ მიმართულებით არსებული ყველა პრობლემის გათვალისწინებით მოხდება და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ხელშეწყობა იქნება, ეს წაახალისებს რეგიონებში ადგილობრივებსაც, რომ კანონიერი თევზჭერით დაინტერესდნენ.
„პატარ-პატარა გრანტებით ახალციხისკენ უკვე დაიწყეს თევზების მოშენება. ძალიან მინდა ახლა რამე მსგავსი დასავლეთშიც გაკეთდეს, იქ ძალიან კარგი იქთიოლოგი გვყავს და ეს იქნებოდა დიდებული საქმე. სამწუხაროდ, ჩვენთან პორობლემაა პროფესიონალი კადრებიც, არ გვყავს ბევრი გამოცდილი იქთიოლოგი. ექსპერტების ჩამოყვანაც შეიძლება უცხოეთიდან. თუ ჩვენს ქვეყანას უნდა, რომ ტურიზმი განვითარდეს, დროა, დავიწყოთ თევზების მოშენება. ეს თავისთავად მოკლავს ბრაკონიერობას და ხალხი გადავა ლეგალურ თევზჭერასა და მოშენებაზე. მაგალითად, საჩხერეშია თევზსაშენი გაკეთებული, სადაც ნაკადულის კალმახს აწარმოებენ. უკვე გადასარევი შედეგი აქვთ. ამას აკეთებს გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი სსიპ-ი. თავის დროზე, ყოფილ პრემიერთან მქონდა გაკეთებული პერზენტაცია, რომლითაც დავუმტკიცე, რომ ძალიან მცირე დანახარჯებით მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით, 200 მდინარეზე შეგვეძლო თევზების ბუნებრივი აღდგენა მოგვეხდინა, რომელსაც თვითონ სოფლებს და რეგიონებს ჩავაბარებდით. ჩვენი მდინარეები ძალიან მდიდარია, თუ მას ცუდად არ შევეხებით და არ მოვსპობთ, მხოლოდ ანკესი და ბადე ვერაფერს ავნებს“,-აცხადებს თემურ ტყემალაძე.
მისი თქმით, დღესის მდგომაროებით, ერთის გარდა, ყველა თევზსაშენი მხოლოდ სამრეწველო დანიშნულებისაა, რაც არა თუ ტურიზმის წახალისებას, არამედ თევზების უნიკალური სახეობების მოშენებასაც ვერ უწყობს ხელს.
„ასეთი დიდი პოტენციალი გვაქვს და საერთოდ არ ვუფრთხილდებით. დღეს სათევზაო ტურიზმი ნულის დონეზეა, მაშინ, როდესაც ამის უსაზღვროდ დიდი პოტენციალი გვაქვს. არც კი დაწყებულა ეს პროცესი. ამას პირველ რიგში სჭირდება აღწერა, თან ეტაპობრივად უნდა შევარჩიოთ ტერიტორიები, სადაც შეიძლება გაჩნდეს წარმოების უბნები.
ჩვენთან შემოდის აუარებელი ზარები და გვთხოვენ როგორც სანადირო, ისე სათევზაო ტურიზმში ჩართვას. თევზზე მოთხოვნა საშინლად გაზრდილია და ამ მოთხოვნას ზღვა და ოკეანე ვეღარ აკმაყოფილებს. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს 7 მდინარეში ერთერთია რიონი, სადაც შემოდის ზუთხი, ყველაზე ველური, ძველი ჯიში. ეს წარმოუდგენელი სიმდიდრეა, ამიტომ აქ ძალიან ეფექტიანად შეიძლება მუშაობა.
ასევე, მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში არის ტბის კალმახი. ახლაცაა ცოტა შემორჩენილი, რომელსაც რომანოვის კალმახს ეძახიან. ამ ბრენდითაა ცნობილი და ამაზე უკეთესს ვერ შექმნი. ჩემი რჩევაა და იმედია, ყურს მიგდებენ, რომ მანდ გაკეთდეს საშენი. საწარმოებლად მისი ქვირითის გაყიდვაც შეიძლება. ეს იმდენად ძვირფასი თევზია, მანდედან ტურისტებს ვერ მოშორებ“,-აცხადებს თემურ ტყემალაძე.
მისი თქმით, თევზჭერის ტურიზმში ჩართვის სურვილით მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციას უამრავი ქვეყნიდან უკავშირდებიან, მაგრამ იმის გამო, რომ ეს სფერო განვითარებული არ არის, ვერაფერს სთავაზობენ.
„მაგალითად, ლატვიელებს უნდოდათ, რომ ყოველ შაბათ-კვირას საქართველოსთან ერთი ჩარტერული რეისი გაკეთებულიყო თევზჭერის გამო. იყო ზარები უკრაინიდან, ჩეხეთიდან, რუსეთიდან, გერმანიდან, იტალიიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ თევზჭერის ტურიზმის მოთხოვნებს. ამიტომ, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვართ. თუ ეს პროცესი დაიწყება და ამაში ჩაერთვება ტურიზმის სააგენტო, ეკონომიკის სამინისტროსთან, ერთად, შედეგს ძალიან მალე ვნახავთ“,-აცხადებს თემურ ტყემალაძე.