ბიზნესომბუდსმენი შრომის ინსპექციას მიმართავს, რომ რეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და სანქცირება გონივრული ვადით გადადოს

ბიზნესომბუდსმენი შრომის ინსპექციას მიმართავს, რომ რეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და სანქცირება გონივრული ვადით გადადოს.ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი.

ირაკლიმ ლექვინაძის განცხადებით, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ მეწარმეები სათანადოდ ინფორმირებულები არ იყვნენ.

„ბიზნესომბუდსმენის აპარატს მომართავენ მეწარმეები, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ახორციელებენ და ვალდებულნი არიან მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაარეგისტრირონ შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. მეწარმეები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები ახალი ვალდებულების შესახებ. მათმა დიდმა ნაწილმა ბოლო დღეებში შეიტყო საქმიანობის რეგისტრაციის ვალდებულების თაობაზე და რომ რეგისტრაციის არ ქონის შემთხვევაში 1000 ლარით დაჯარიმდებიან. ამიტომ, მეწარმეებმა იუსტიციის სახლს რეგისტაციისთვის ბოლო დღეს მიმართეს, რამაც რიგები გამოიწვია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივმართავთ შრომის ინსპექციას, მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მდგომარეობის შემოწმება და შესაბამისი სანქცირება გონივრული ვადით გადადოს“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია, შესაბამისი საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.