საქართველოში მეორე დონის კოოპერატივები შეიქმნება

საქართველოში ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელმაც კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამ სააგენტოში უკვე მეორე დონის (ანუ კოოპერატივების მიერ დაფუძნებული) კოოპერატივების განვითარების საკითხიც განიხილეს. ამ მიზნით სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ორმოცამდე კოოპერატივის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანა საბახტარიშვილმა და მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, დავით მამუკელაშვილმა კოოპერატივებს შორის კოოპერაციის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეორე დონის კოოპერატივების დაფუძნება უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეუძლიათ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გადამამუშავებელი საწარმოების, სასაწყობო, სამაცივრე მეურნეობებისა და საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებას და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნას.

"მოცემული შეხვედრის ფორმატში ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად კოოპერაციის პროცესში ჩართული ფერმერების მოსაზრებების მოსმენა. მეორადი კოოპერატივების შექმნა და მათი ბიზნესსუბიექტებად ჩამოყალიბება უდიდესი გამოწვევაა, რაც სააგენტოსა და კოოპერატივების ერთობლივი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს", - განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.

ხათუნა ჩიგოგიძე