სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დასანერგად შემოსავლების სამსახური საკონსულტაციო მომსახურებას შეისყიდის

სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დასანერგად შემოსავლების სამსახური საკონსულტაციო მომსახურებას გამარტივებული წესით შეისყიდის.

წინადადების განხილვის ბოლო ვადა 2 ოქტომბერია, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 495 000 ლარია.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ეს მომსახურება საქართველოში სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვის პროცესში დამხმარე ღონისძიებას წარმოადგენს.

„წარმოდგენილი სახელმწიფო შესყიდვა ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს არ გააჩნია სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და მონიტორინგის გამართული სისტემა, რომლის გაუმართაობაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც საზოგადოებრივი კანონიერი ინტერესების და უფლებების დაცვის უზრუნველყოფას, ასევე საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირებას, რაც თავისთავად ისახება ქვეყნის ეკონომიკურ გარემოზე.

ამ მომსახურების შესყიდვის მიზანია, საერთაშორისოდ აღიარებულ, შესაბამის სფეროში მოღვაწე ლაბორატორიის მიერ განხორციელდეს სსიპ - შემოსავლების სამსახურისადმი კომპეტენტური დახმარების გაწევა, ზემოხსენებული სისტემის დასანერგად შესაბამისი კომპანიის შერჩევის პროცესში,“-აღნიშნულია დოკუმენტაციაში.