პარლამენტი ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება.
“შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება. ამასთან, აღნიშნული კანონი ორგანული კანონის სტატუსს შეიძენს, როგორც ამას ახალი რედაქციის კონსტიტუცია ითხოვს. “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალ - ორგანული კანონის პროექტს 1-ელ ოქტომბერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს.
პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის მარტში მიღებული “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მოქმედების სფერო შეზღუდულია და ის მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე ვრცელდება. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგის მიმართ, მათ შორის “შრომის კოდექსით“ და “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით მოწესრიგებული შრომითი ურთიერთობის მიმართ გავრცელდება.
კიდევ ერთი სიახლეა შრომის ინსპექციის გაძლიერება და სამუშაო ადგილებზე ინსპექტორების უპირობო დაშვება. მომზადებული პროექტით, შრომის ინსპეციის უფლებამოსილებები ფართოვდება - შეტყობინებებზე რეაგირებისათვის მათ სასამართლოს თანხმობის გარეშე შესვლის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, შრომის ინსპეციის უფლებამოსილება ასევე გავრცელდება შრომით უფლებებზე.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დიმიტრი ცქიტიშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო კილაძე და თამარ ხულორდავა.