30 სექტემბრის მდგომარეობით, რაჭაში 155 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რაჭაში რთველი ისეთივე წარმატებით ჩატარდება, როგორც კახეთის რეგიონში.
„დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 18 ღვინის მწარმოებელი კომპანია 8 ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. ოთხი მიმღები პუნქტი გახსნილია ქალაქ ამბოლაურში, ორი სოფელ ხვანჭკარაში და თითო პუნქტი - სოფელ ჭრებალოსა და ბუგეულში. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირებულია 29 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის პროცესში ჩაერთვებიან“,- აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 1500 ტონამდე მუჯურეთულისა და ალექსანდროულის მოსავალს ელიან.
რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც წელს გადამუშავებულმა ყურძენმა და მევენახეების შემოსავალმა, ბოლო თითქმის 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. გადამუშავებულია 180 ათასამდე ტონა ყურძენი. მევენახეების შემოსავალმა რთველის დაწყებიდან დღემდე 245 მლნ ლარს მიაღწია.