ამ გზით თამბაქოს ბიზნესი ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებს და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავს. რატომ ხუჭავს ამ ყველაფერზე თვალს ხელისუფლება და რატომ ამბობს უარს მრავალმილიონიან შემოსავლებზე, მას ატყუებენ, თუ თავს იტყუებს?"კინო", რომელიც ბოლო დროს საზოგადოებამ ფარული აუდიოჩანაწერებით ნახა, შეშფოთების საფუძველს ნამდვილად იძლევა. თუ ის, რაზეც ჩანაწერებში, სავარაუდოდ, ბიზნესმენები და ყოფილი მაღალჩინოსნები საუბრობენ, რეალურ ფაქტებს ეფუძნება, ეს შევარდნაძის დროინდელ წარსულში დაბრუნებას ჰგავს, როცა ბიზნესი გადასახადებს მალავდა, ბიუჯეტი ცარიელი იყო, ქვეყნის ეკონომიკა გაჩანაგებული, ხოლო მთავრობა კორუმპირებული.
დაჭრილი "კინო", ფაქტები და ლოგიკა...
არსებობს თუ არა კორუფციული გარიგებები მთავრობასა და ბიზნესს შორის, იხდის თუ არა კერძო სექტორი წილს თავისი შემოსავლებიდან პარტიის ფონდში და რას იღებს სანაცვლოდ მთავრობისგან ბიზნესი - როგორც ერთი ცნობილი "საქმოსანი" იტყოდა, ეს ყველაფერი "ფოლკლორია", მთავარი ის მიზეზია, რაც ფარულ აუდიოჩანაწერებში აღწერილ შედეგებთან ერთად საგამოძიებო უწყებების დაინტერესების საგანი უნდა გახდეს. თუმცა დეფორმირებულ პროკურატურას ჯერ რეფორმირება სჭირდება და სიმართლეს როდის დაადგენს, ძნელი სათქმელია...
რადგან "კინო" დაჭრეს და ისე შემოგვთავაზეს, მოდი, მოვლენათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ავაწყოთ და ვფიქრობთ, ერთ-ერთი ბოლო ფარული აუდიოჩანაწერით უნდა დავიწყოთ.
ამ ჩანაწერში "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ჩუბინიშვილი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბარში კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის გავლენით დალაგდა. როგორც საუბრიდან ჩანს, ირაკლი ჩუბინიშვილმა ფინანსთა სამინისტროში მომუშავე ერთ-ერთი პირისგან მიიღო ინფორმაცია, რომ უწყების იმდროინდელ ხელმძღვანელ დიმიტრი ქუმსიშვილს გამზადებული ჰქონდა დასკვნა ირაკლი ჩუბინიშვილის და ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის 26 მილიონით დასაჯარიმებლად. ჩანაწერის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ვანო ჩხარტიშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რასაც შემდგომ ქუმსიშვილთან დაპირისპირება მოჰყვა.
საინტერესოა, ან რატომ აჯარიმებდა სახელმწიფო უწყება კომპანიას, ან თუ დასაჯარიმებელი იყო, შემდეგ რატომ გადაიფიქრა? აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა ფარულ აუდიოჩანაწერებში "თბილისის თამბაქოს" დამფუძნებელი მთავრობასთან ურთიერთობის დალაგების თავის გამოცდილებას "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს უზიარებს, მოგვიანებით კი სახელმწიფოსთან თამბაქოს ერთიანი სადისტრიბუციო კომპანიის შექმნის სქემასაც სთავაზობს, საიდანაც 50% ე.წ. ფონდის თუ პარტიის ყულაბაში უნდა წასულიყო. რატომ მიდის ბიზნესი ასეთ გარიგებაზე მთავრობასთან და რას იღებს სანაცვლოდ? წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტის არაერთი მაგალითი გვსმენია, როცა პატიმარ ბიზნესმენებთან ნოტარიუსები შუაღამისას ციხეში მიჰყავდათ და წილებს თუ ქონებას იძულებით ათმობინებდნენ, აქ კი თამბაქოს მწარმოებლები მსჯელობენ რაღაც ფონდში 50%-ის გადახდაზე. როგორც ჩანს, ინტერესთა თანხვედრას აქვს ადგილი და ისევ შევარდნაძის დროინდელი ბიზნესმენები გაგვახსენდა, რომლებიც მზად იყვნენ ქრთამი კონვერტებით დაერიგებინათ ჩინოვნიკებისთვის, ოღონდ კი ბიუჯეტში გადასახადები არ გადაეხადათ. საბოლოოდ მათ, რა თქმა უნდა, დიდი ლუკმა რჩებოდათ, ქვეყანა კი უკან-უკან მიდიოდა.
2017 წლის 1-ლ იანვარს საქართველოში მწეველებისთვის სიგარეტის ფასი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეხუთედ გაიზარდა. ამჯერად აქციზის გადასახადი ერთ შეკვრა ფილტრიან სიგარეტზე 60 თეთრით, უფილტრო სიგარეტის ერთ კოლოფზე კი 30 თეთრით გაიზარდა. ჯამში დღეს უფილტრო სიგარეტის ღირებულებაში აქციზის ფასი 60 თეთრი, ხოლო ფილტრიანის 1,70 ლარია. სხვაობა თვალში საცემია - კოლოფზე 1,10 ლარი! სიგარეტზე აქციზის ბოლოდროინდელ ზრდას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ფასის ზრდით სიგარეტის მოხმარების შემცირება. გარდა ამისა, საერთაშორისო ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო ვალდებულია გააძლიეროს კონტროლი თამბაქოს მოხმარებაზე. და კიდევ, აქციზით ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებიც იზრდება. საინტერესოა, როგორ იმოქმედა აქციზის ზრდამ თამბაქოს ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ შემცირდა იმპორტირებული ფილტრიანი სიგარეტის მოხმარება, თუმცა გაიზარდა ადგილობრივი უფილტრო სიგარეტის წარმოება და ეს მიუხედავად იმისა, რომ მისი სარეალიზაციო ფასიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთი შეხედვით, გამოდის, რომ მწეველებმა სიგარეტზე აქციზის და შესაბამისად ფასის ზრდას ძვირად ღირებული ფილტრიანი სიგარეტის უფრო იაფი, უფილტრო, ადგილობრივი სიგარეტის ჩანაცვლებით უპასუხეს, თუმცა ჩვენს გარშემო ერთი ადამიანიც კი ვერ ვნახეთ, ვინც უფილტრო სიგარეტს ეწევა...
ახლა კი გავყვეთ ჩვენი ჟურნალისტური მოკვლევის ლოგიკას...
ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ერთი აქციზური მარკა ერთ კოლოფ სიგარეტს ნიშნავს და სამინისტროს მონაცემებში საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ. კერძოდ,
2014-15 წლებში ფილტრიანი სიგარეტი უფილტროზე მინიმუმ ორჯერ მეტი იწარმოებოდა. 2016 წლიდან ხდება ცვლილება სიგარეტის წარმოებაში და სწრაფად იზრდება უფილტროს წილი. 2017-ში აქციზური გადასახადის მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად სურათი რადიკალურად იცვლება და უპრეცედენტოდ იზრდება უფილტრო სიგარეტის წარმოება. 2018 წელს ფილტრიანის ადგილობრივი წარმოება თითქმის შეწყდა. რა მოხდა? (იხ. ინფოგრაფიკა).
როგორ ამხილა თამბაქოს მაგნატები ჯიხურის გამყიდველმა
რადგან ოფიციალურ მონაცემებში სხვა არაფერი იკითხებოდა, რამდენიმე თამბაქოს ჯიხურს მივაშურეთ და ადგილობრივი სიგარეტის სრული ასორტიმენტი მოვითხოვეთ. სწორედ აქ ამოვხსენით თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების "წარმატების ფორმულა", რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა თამბაქოს მომხმარებლის ქცევაში. როგორც აღმოჩნდა, როცა მომხმარებელი ადგილობრივი წარმოების ე.წ. უფილტრო სიგარეტის კოლოფს ყიდულობს, "საჩუქრად" ზუსტად 20 ცალი ფილტრი მოჰყვება. ასეთი "ინოვაციური" მიგნებისა თამბაქოს მწარმოებელ საერთაშორისო კორპორაციებსაც კი შეშურდებათ! ერთი შეხედვით, უფილტრო სიგარეტი ფილტრიანისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, მაგრამ საკმარისია ღერი გადმოატრიალოთ და დაინახავთ სიცარიელეს, სადაც "ნაჩუქარი" ფილტრი უნდა მოათავსოთ. მოკლედ, ხელის მარტივი მოძრაობით უფილტრო სიგარეტი შეგიძლიათ ფილტრიანად გადააქციოთ. არის თუ არა ეს ერთგვარი ხრიკი, გადასახადებისგან თავის არიდების მცდელობა, არაკეთილსინდისიერი ქცევა ბაზარზე თუ კიდევ სხვა რამ, საგამოძიებო უწყებებმა უნდა გაარკვიონ, თუ რა თქმა უნდა, ამას მოინდომებენ. ფაქტი ერთია - ამ გზით თამბაქოს ბიზნესი ფილტრიან სიგარეტს უფილტროდ ასაღებს და სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში ათეულობით მილიონი ლარის გადასახადს უმალავს. სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო "თბილისის თამბაქოსთვის" 26 მილიონი ლარის მოცულობის ჯარიმის მიზეზი და ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა სწორედ უფილტრო და ფილტრიანს შორის აქციზის სხვაობა დაუთვალა კომპანიას. უნდა ითქვას, რომ სწორედ ასე იყიდება ბაზარზე ოქუაშვილის "ოჯთ"-ს სიგარეტიც და იგივე ფილტრები მოჰყვება საჩუქრად, რაც "თბილისის თამბაქოს" სიგარეტ "პირველს". რეალიზატორები ამბობენ, რომ ასეთი თამბაქოს სარეალიზაციო ფასი იმპორტირებულთან შედარებით 1-1,5 ლარით ნაკლებია და მომხმარებელიც ბევრი ჰყავს. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლების "კომერციული საიდუმლო", რომელმაც მათ "უფილტრო" სიგარეტზე მოთხოვნა გაზარდა. საინტერესოა, რატომ ხუჭავს ამ ყველაფერზე თვალს ხელისუფლება და რატომ ამბობს უარს მრავალმილიონიან შემოსავლებზე, მას ატყუებენ, თუ თავს იტყუებს?
თუ ზემოხსენებულ აუდიოჩანაწერს დავუჯერებთ, გამოდის, რომ ხელისუფლებას აიძულებენ თავი მოიტყუოს, ყოველ შემთხვევაში, ჩანაწერების მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილმა შეძლო და 26-მილიონიან ჯარიმას თავი აარიდა, თამბაქოს მწარმოებლები კი წარმატებით აგრძელებენ კანონში არსებული ხვრელის გამოყენებას და ფილტრიანი სიგარეტის უფილტროდ გასაღებას. თუმცა ამ ყველაფერზე უფრო საგანგაშო ის არის, რომ არსებობენ ადამიანები (ამ შემთხვევაში ჩხარტიშვილი), რომლებსაც აქეთ შეუძლიათ ხელისუფლების დარეკეტება და ბიუჯეტისთვის უზარმაზარი თანხის შეწერა.
რა იყო 26-მილიონიანი ჯარიმის მიზეზი?
აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერი ირაკლი ჩუბინიშვილი საუბრობენ, 27 სექტემბერს გავრცელდა
ირაკლი ჩუბინიშვილი: ბიძინამ მითხრაო, რო ამასო შენო რო უყურებთო დიმასო, დიმაო შვილივით მიყვარსო, ჩემი შვილივით არიო და ეგრე ნუ ელაპარაკებიო. ნუ ეხლა ეგ ლაპარაკი ცუდად დამთავრდა, მარა ქუმსიშვილს რო ეტყვი ხალხში, რო ჩემი შვილი ხარ! ის კაროჩე წავიდა კაბინეტში და დაჯდა და იფიქრა მე ამ კაცის შვილი ვარ, ამათი ყველასი დედა მო... გააგიჟა რა თვითონ იმხელა პალნამოჩიები მისცა, რო ამან გარეკა, რა. ის კინაღამ გააგდო ქუმსიშვილმა, იქ ერთი წესიერი კაცია
ზაზა ოქუაშვილი: ჭკვიანური რამე თქვა და...
ირაკლი ჩუბინიშვილი: არა, იქ ერთი წესიერი კაცია და მაგან ხო რა გააკეთა?! მაგან გამოაწერინა ჩვენ წინააღმდეგ ჯარიმა 26 მილიონი ლარი. დააწერინა პროექტი და მოამზადა პირდაპირ, რა და იმან პროსტა შიგნით ნახა სამინისტროში და დაგვირეკა ჩვენ და თქვა კაროჩე, რო მიხედეთო, ესო რაღაცას აპირებსო და მე ვანოს ვუთხარი და მერე იქ ბიძინამ შეკრიბა ეგენი და ვანომ თქვა, უნდა ვთქვაო ამ კაცის სახელიო, რა. აბა ეხლა საიდან იცის პონტი და მერე ქუმსიშვილს უთხრა შენ ხარ პ...ჭიო დააჯარიმე და ფაქტზე დადე და შენი ნებართვით არ აკეთებდაო?! და იქ გაუდეს მაგაში, და იქ უყვირია, ის ვინ გითხრა, ვინ გითხრა დაა... მერე დაურეკია ამ ბიჭისთვის სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე და შენ რატო უთხარი იმასო?! ამან თქვა, მე რაც უნდა გამეკეთებინა, ის გავაკეთეო, როცა ინდუსტრიას შეეხე, ვისაც ეხებოდა იმას ვუთხარიო. აბა, როგორო მოუმზადებლად გინდაო კაროჩე თავს დაესხაო და ისე, ეგრე სად არიო?! ეხლა კიდე ღვთის მადლით წავიდა, ქუმსიშვილმა კინაღამ კაცი გამოგვიგდო იქიდან.
ზაზა ოქუაშვილი: ეხლა ბოლოს მოხდა ეგ კიდე?
ირაკლი ჩუბინიშვილი: აი, ეგ მოხდა თებერვალში, თებერვალში მოხდა, ჩვენ სულ მაგ იმაში ვიყავით, ეხლა ყოველ ჯერზე ხო არ მოგიყვები, სულ გვიტევდა, რა. ორი თვე არ გავიდოდა, რო რაღაცა მორიგიი...
ესეც მიქონდა ბოლოს. აი, ესეც მიქონდა, თან გვიტევდა.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"