ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს 12%-ით გაიზარდა

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წელს გასულ წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და 71,7 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2017 წელს მისი მოცულობა 38,2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 11,9%-ით აღემატება.

2017 წელს მთლიანი ბრუნვის 44,9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% - საშუალო, ხოლო 32,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40,8%, საშუალოზე - 25,4%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,8%.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წელს 50,8 მლრდ ლარი (გასულ წელთან შედარებით 11,9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 31,6 მლრდ ლარი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით 12,0 %-ით მეტი).