2019 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა, მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, როგორც შემოსავლების, ასევე კაპიტალური ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს.ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ განუცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მთავრობას ინტენსიური კომუნიკაცია აქვს სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან და მათგან რეკომენდაციებს ელოდება.

„ჩვენ წარვადგენთ ბიუჯეტის პარამეტრების პირველ ვარიანტს. ამასთან ერთად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა, როდესაც ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოგეხსენებათ, მომავალი წლიდან რამდენიმე მიმართულებით მკვეთრად ვზრდით დაფინანსებას, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების. ველოდებით მათგან გარკვეული ტიპის რეკომენდაციებს. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია არ გამოვრიცხავ და ეს ნორმალური და ობიექტური პროცესია, რომ განხილვების დროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაკორექტირდეს როგორც შემოსავლების, ასევე კაპიტალური ხარჯების ნაწილში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.