ხშირ შემთხვევაში, როდესაც კომპანიები არ ითვალისწინებენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, ისინი არც პროდუქტის ხარისხს ითვალისწინებენ,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტში ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა, რომელიც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს ეხება.
კერძოდ, დიმიტრი ცქიტიშვილისგან დეპუტატები დაინტერესდნენ, ახალი რეგულაციები ხომ არ გამოიწვევს პროდუქტზე ფასის მომატებას.
„სამშენებლო ბიზნესიდან გამომდინარე რომ ვიმსჯელოთ, ზოგიერთმა კომპანიამ ყოველგვარი რეგულაციების და სანქციების გარეშე მოახდინა უფრო მაღალი სტანდარტის დამკვიდრება. მათთვის გარკვეული რეპუტაციული საკითხიც არის, რომ შრომის მაღალი სტანდარტები ჰქონდეთ და ბაზარზე სხვა სეგმენტზე გავიდეს. შესაძლოა, მათი პროდუქცია ცოტათი ძვირიანი იყოს, თუმცა სთავაზობს როგორც მაღალი რეპუტაციის კომპანია.
ხშირ შემთხვევაში, როდესაც კომპანიები არ ითვალისწინებენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, ისინი არც პროდუქტის ხარისხს ითვალისწინებენ. მე პირადად ვურჩევ ნებისმიერს, რომ ის კომპანია, რომელიც არ ითვალისწინებს თუნდაც შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს, ის არც სხვა სტანდარტებს გაითვალისწინებს და არც მშენებლობის ხარისხს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, საჭიროა ბაზარზე იყოს სტანდარტი და ფასის დარეგულირება მოხდება თავად ბაზრის მიერ.
პარლამენტი ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება.
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება. ამასთან, აღნიშნული კანონი ორგანული კანონის სტატუსს შეიძენს, როგორც ამას ახალი რედაქციის კონსტიტუცია ითხოვს.