ირანის წინააღმდეგ, შეერთებული შტატების ახალი სანქციების მოლოდინის ფონზე, ბრენტ მარკის ნავთობის ფასი ბოლო ოთხი წლის მაქსიმალურ მაჩვენებლამდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ნავთობის საერთაშორისო ბაზარს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ამერიკაში მოქმედი ჭაბურღილების რიცხვი არ გაზრდილა.
ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასმა ოთხშაბათს 83.32 დოლარს მიაღწია, ახალი სავაჭრო კვირის დასაწყისში კი 83.09 დოლარის სიახლოვეს იმყოფება. ბრენტ მარკის ნავთობი 2014 წლის ნოემბრის შემდეგ ასე მაღლა არ ყოფილა. იმავდროულად, ბარელი დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი 73.44 დოლარია.
ირანი OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) მესამე უმსხვილესი მომპოვებელია და ბაზრიდან მის სრულად გამოთიშვას (ირანულ ნავთობზე სანქცია 4 ნოემბერს ამოქმედდება), საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტის შექმნა შეუძლია. ფასების ზრდით, ბაზარი ამ დეფიციტისთვის წინდაწინ ემზადება.
ავსტრალიის და ახალი ზელანდიის საბანკო ჯგუფ ANZ-ის პროგნოზით, ბაზარი მზადაა იმისათვის, რომ ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარამდე გაიზარდოს. ასეთი მოლოდინის ფონზე, ნიუ იორკის და ლონდონის სასაქონლო ბაზრებზე, ჰეჯ ფონდებმა გასულ კვირაში ნავთობის შესყიდვის 3 728 ახალი კონტრაქტი გააფორმეს, რაც ბაზარზე ხარების დომინაციას უსვამს ხაზს.
ყველაფერთან ერთად, ჩინურმა „სინოპეკმა“ გამოაცხადა, რომ ამ თვეში ირანული ნავთობის ჩატვირთვას გაანახევრებს. ცნობისათვის, ჩინეთი ირანული ნავთობის უდიდესი მომხმარებელია და ჩინური გიგანტის მიერ ირანულ ნავთობზე უარის თქმა, ასევე ნავთობის გაძვირებას უწყობს ხელს.
„ემირატს NBD“ ბანკის სასაქონლო ბაზრის ანალიტიკოსი ედვარდ ბელი როიტერსთან საუბრისას ამბობს, რომ თუ ჩინური კომპანიები, ამერიკულ სანქციებს მოსალოდნელზე მეტრად მიემხრობიან, ეს ბაზარზე მოთხოვნას კიდევ უფრო აგრესიულად გაზრდის. ცნობისათვის, ჩინეთში ამ კვირაში სავაჭრო აქტივობა შემცირებულია, რადგან „ოქროს კვირის“ არდადეგებია.
ნავთობის გაძვირება იყო მთავარი თემა საუბრისა, რომელიც გასული კვირის ბოლოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და საუდის არაბეთის მეფე სალმანს შორის შედგა. ტრამპი უკმაყოფილოა ფასების ზრდით და ამის შესახებ, ხმამაღლა განაცხადა გაერთიანებული ერების ასამბლეაზე.
საბროკერო კომპანია „ოანდას“ სინგაპურის ოფისის აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო შტოს შეფი სტივენ აინსი ამბობს, რომ ირანის სანქციების ამოქმედებით, ბაზარს დღეში 1.5 მილიონი ბარელი ნავთობი მოაკლდება. ეს კი მეტად დიდი მოცულობაა, რომლის სრულად გადაფარვაც, საუდის არაბეთსაც კი გაუჭირდება, რომლის დღიური მოპოვება 10.5 მილიონი ბარელია. აინსის აზრით, თუ დანაკლისის შესავსებად რეზერვი სასწრაფოდ არ გამოინახა, ნვთობის ფასი 100 დოლარს მიაღწევს.