ყველა მოქმედება, რაც ბანკში ჩატარდა, სამწუხაროდ უკანონოდ, ყველაფერი ამის საბუთი არსებობს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურაში შესვლამდე „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთმა მფლობელმა, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის 4 მილიონის გადარიცხვის საკითხზე ინფორმაცია 2016 წლის აპრილში ჰქონდა.
კითხვაზე, რატომ არ გამოიყენა მან საპარლამენტო ტრიბუნა, აცხადებს, რომ მაშინ საქართველოში ამაზე საუბარი არაფრისმომცემი იყო და საკმაოდ საშიში არა მხოლოდ მათთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც „ომეგა ჯგუფიდან“ იძულებული გახდნენ ამ საქმეში ჩართულიყვნენ.
ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ამ პროცესში ისინი ლონდონში განვითარებულ მოვლენებსაც აკვირდებოდნენ, რათა იქ შესაძლებელი ყოფილიყო ამ საკითხზე საუბარი.
„4 მილიონის ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვის საკითხზე ინფორმაცია 2016 წლის აპრილში მქონდა. ყველაფერი ის მოქმედებები, რაც ბანკში ჩატარდა, სამწუხაროდ უკანონოდ, ყველაფერი ამის საბუთი არსებობს. პარლამენტის ტრიბუნა როცა გამოვიყენე, მაშინაც არავინ არაფერში არ მოიკითხა. საქართველოში ამაზე საუბარი არაფრისმომცემი იყო. ამიტომ, სანამ ის ვითარება არ შეიქმნა, რომ ლონდონში უკვე შესაძლებელი იყო ამ საქმეზე მსჯელობა, მანამ საქართველოში ამის თქმა საკმაოდ საშიში იყო, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ამ საქმეში „ომეგა ჯგუფიდან“ ძალაუნებურად იყვნენ ჩართულები“, - აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.
ჩხეიძე ასევე გამოეხმაურა, „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასაც, სადაც საუბარია ბანკთან მიმართებაში „ომეგა ჯგუფის“ 84 მილიონიან ვალდებულებაზე. ჩხეიძე აცხადებს, რომ ასეთ საკითხებზე ინფორმაციას დირექტორები ფლობენ და არა თვითონ.
„მე ვარ დეპუტატი და ყველა ფინანსურ საკითხზე ბიზნესკომპანიისა, არ მაქვს ინფორმაცია. თუმცა გპირდებით, ამას გამოვიკითხავ და მოგაწვდით ინფორმაციას.
ვერავინ ვერ წაგვართვა ბიზნესი ვერც მაშინ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ვერც ახლა ვერავინ წაგვართმევს ბიზნესს“, - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.