„ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილზე სატელევიზიო ეთერებით ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები არის დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული“

„ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, ვანო ჩხარტიშვილზე სატელევიზიო ეთერებით ბოლო დროს გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები არის დამონტაჟებული და ფალსიფიცირებული“, - ამის შესახებ განცხადებას ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი ავრცელებს.

„ბიზნესპრენიუსი“ ზაზა ხატიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

„ერთი კვირის უკან მე ჩავატარე პრესკონფერენცია, რომელზეც გამოვთქვი ვარაუდი, რომ „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის, ტელეკომანია „იბერიისა“ და „რუსთავი2“-ის მიერ ვანო ჩხარტიშვილზე გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერები არ იყო ავტენტური და საქმე გვქონდა გამიზნულ ფალსიფიკაციათან. ჭეშმარიტების დასადგენად მე მივმართე ლონდონის 2 ცნობილ საექსპერტო ბიუროს, რომელთა სანდოობა და ავტორიტეტი საყოველთაოდაა აღიარებული გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპაში.

ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ [Audio Forensic Services] 2018 წლის 01 ოქტომბრის დასკვნის თანახმად: სამივე ჩანაწერი, სადაც ფიგურირებს ვანო ჩხარტიშვილი, ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული ან დამონტაჟებული. სამივე ჩანაწერი იძლევა ძალზე მყარ საფუძველს იმის სათქმელად, რომ აუდიო-ჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ 02.06 წუთიან ფარულ ჩანაწერში, სადაც ასახულია ვანო ჩხარტიშვილის, ზაზა ოქუაშვილის და ირაკლი ჩუბინიშვილის დიალოგი, აღინიშნება 8 სხვადასხვა ჩანაწერის გამოყენება და 6 მონტაჟი, რაც რეკორდული მიგნებაა ქართულ სატელევიზიო სივრცეში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, სასწრაფოდ დაადგინოს თუ სად და ვის მიერ განხორციელდა უკანონო ფარული ჩანაწერები და სად მოხდა აღნიშნული ჩანაწერების გამიზნული ფალსიფიცირება და დამონტაჟება.

ჩვენ ასევე ვითხოვთ პროკურატურისგან დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საგადასახადო დისციპლინის უხეში და მასშტაბური დარღვევის დანაშაულებრივ ფაქტზე და გამოარკვიოს, თუ რატომ ეგუებოდა წლების განმავლობაში დიმიტრი ქუმსიშვილი და მისი უწყება „ომეგა ჯგუფისგან“ მილიონობით ლარის გადაუხდელობას, ხომ არ დგას ამ ფაქტის უკან კორუფციული გარიგებები და ხომ არ უკავშირდება „ომეგას“ ბოლოდროინდელი ხმაური მთავრობიდან მათი სავარაუდო მფარველების წასვლას.

ასევე მოვუწოდებთ ტელეკომპანიებს, დაიცვან მედიის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტები და შეწყვიტონ ჩემი დაცვის ქვეს მყოფ ვანო ჩხარტიშვილზე პატივისა და ღირსების შემლახავი მასალების ტირაჟირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ აღიარებული საერთაშორისო მედია ინსტიტუტებს, ევროპარლამენტს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს, აშშ-ის კონგრესს, რათა შეაფასონ ტელეკომპანიების მხრიდან დამონტაჟებული და და ფალსიფიცირებული მასალების გავრცელების ფაქტები.

დაინტერესებულ საზოგადოებას აქვე ვთავაზობ ლონდონის ექსპერტზის ბიუროს „აუდიო ფორენზიქ სერვისიზის“ [Audio Forensic Services] დასკვნას და ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს“.

ზაზა ხატიაშვილი

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი

(R)