იმ მანქანის მფლობელები, რომლებსაც ტაქსის ლიცენზია აღებული ექნებათ 2018 წლის 10 ოქტომბრამდე, უკვე შემდგომ კი გაივლიან ტექდათვალიერებას, ავტომობილის გადაღებვას უფასოდ შეძლებენ.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან კარგად მესმის არსებული სოციალური მდომარეობა. ეს ის ფენაა, ვისაც ძალიან უჭირს და ამ სერვისის გაწევით არჩენენ ოჯახებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით - ტაქსის მფლობელები, რომლებსაც ლიცენზია აღებული ექნებათ 2018 წლის 10 ოქტომბრამდე, ასევე გაივლიან ტექდათვალიერებას, ისინი მანქანის გადაღებვისთვის სპეციალურ ვაუჩერს მიიღებენ. ამასთან, ვაუჩერს მიიღებენ მანქანის სალონის ქიმიური წმენდისთვისაც. ვაუჩერს გადასცემს ის კომპანია, რომელიც მერიის მიერ ტაქსებზე 2-წლიანი რეკლამის განთავსების ტენდერში გაიმარჯვებს. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით თანხა არ დაიხარჯება არც ბიუჯეტიდან და ასევე ვაუჩერები მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მძღოლების ფინანსურ მდგომარეობას. ასე რომ, ტაქსების ლიცენზიები დედაქალაქში სრულებით უმტკივნეულოდ განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც ცნობილია, დედაქალაქში ტაქსების ლიცენზირების პროცესი 10 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
თბილისის მერის თქმით, ლიცენზირებულ ავტომობილების მძღოლებს უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშნები, ასევე შეეძლებათ სპეციალურად გამოყოფილი საპარკინგე ადგილებით უფასოდ ისარგებლონ, განათავსონ რეკლამა ავტომობილებზე და მიიღონ დამატებითი შემოსავალი, ამასთან, გათავისუფლებულნი იქნებიან საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან.