2019 წლის ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი

ფინანსთა სამინისტრომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი უკვე გამოაქვეყნა. პროექტის თანახმად, 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-იანი მაჩვენებლით განისაზღვრა.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2019 წელს 3,5%-ს; ინფლაციის მაჩვენებელი, პროგნოზირებულია ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და 3,0%-ს შეადგენს. ამასთან, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის 2019 წლის პროექტშია აღნიშნული, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ ლარს შეადგენს.

„2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში და მომავალი წლისთვის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ. მიმდინარე წელს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვრცლად არის წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის თანდართულ მასალებში (2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა). აღსანიშნავია, 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან მაჩვენებელზე, თუმცა სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით მიმდინარე II კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 5,5%, ხოლო მშპ-ს დეფლატორმა 4,8%. 6 თვის მონაცემების მიხედვით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 5,4%-ს.

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელთან ერთადაც გაანალიზებულ იქნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში, რის შემდგომაც ფონდმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წელს გაზარდა 5,5%-მდე, ხოლო 2019 წლისთვის 4,8%-ით განსაზღვრა. საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდეს სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც.

მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბიუჯეტის დაგეგმვა განხორციელდეს შედარებით კონსერვატიულ პროგნოზებზე, ვინაიდან ზოგიერთ ჩვენს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებმა შესაძლებელია უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენს საგარეო მოთხოვნაზე, რაც რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენი საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წელს 4,5%-დან გაიზარდა 5%, ხოლო 2019 წლის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით. მომდევნო წლებში ეტაპობრივად იზრდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და 2020 წელს შეადგენს 5,0%-ს, 2021 წელს 5,5%-ს, ხოლო 2022 წელს 6,0%-ს.

მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2018 წელს შეადგენს 4.5%-ს, 2019 წელს 3,5%-ს, ხოლო მომდევნო წლებში განსაზღვრულია 3,0%-ის ოდენობით. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, აღნიშნული პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3,0%-ს.

მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, იზრდება 2018 წლის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელიც და შეადგენს 41,7 მლრდ ლარს. 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2022 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 57,9 მლრდ ლარამდე,“-აღნიშნულია პროექტში.