„ტოიოტა“ ბრიტანეთში წარმოების წყვეტას ელოდება

იაპონური საავტომობილო კომპანია „ტოიოტა“ იძულებული გახდება, ბარნესტოუნში არსებული ამწყობი ქარხანა გააჩეროს იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირთან, ბრექსიტთან დაკავშირებით თანხმობას ვერ მიაღწევს და კავშირს ხელშეკრულების გარეშე დატოვებს.

„ტოიოტას“ ბრიტანულმა ქარხანამ შარშან 150 000 ავტომობილი გამოუშვა. მათი 90 პროცენტი ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. გამოცემა „ოტომოტივ ნიუს იუროპის“ ინფორმაციით, მალე ბარნესტოუნში კიდევ ერთი ახალი მოდელის, განახლებული „აურისის“ წარმოებას დაიწყებენ, თუმცა ევროპაში ის უკვე „კოროლას“ სახელით გაიყიდება.

ბარნესტოუნის ქარხნის მმართველი დირექტორი მერვინ ქუკი „ბიბისისთან“ საუბრისას ამბობს, რომ თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლამდე (მარტში), მასთან ხელშეკრულების გაფორმებას ვერ შეძლებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ქარხანას წყვეტებით მუშაობა მოუწევს. და ასე თვეების განმავლობაში გაგრძელდება, სანამ მიმწოდებლები ახალ პირობებში მუშაობას ალღოს აუღებენ.

მსგავს პრობლემებს „ბეემვე“, მის მფლობელობაში არსებული „მინის“ წარმოებისას მოელის. „იაგუარ ლენდ როვერი“ თვლის, რომ ხელშეკრულების გარეშე ბრექსიტი, კომპანიას მოგების დიდ ნაწილს დააკარგვინებს. მრეწველობის სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიებიც, გამალებით ეძებენ ისეთ მიმწოდებლებს, რომლებიც ბრიტანეთში არიან ბაზირებულნი.

სხვათა შორის, ბრექსიტი დროში „ტოიოტა აურის/კოროლას“ პრემიერას ემთხვევა. იაპონური კომპანია ამ ავტომობილზე დიდ იმედებს ამყარებს, მისი ევროპული შტოს შეფი, დოქტორი იოჰან ცილი კი აცხადებს, რომ ამ ავტომობილით, „ტოიოტას“ ახალი თაობის C-სეგმენტის (კომპაქტური ავტომობილები) მოდელი, ამ კლასში ახალ სტანდარტებს ჩამოაყალიბებს.