მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის გამოსაყოფი ტრანსფერის სახე - ე.წ. გათანაბრებითი ტრანსფერი აღარ იარსებებს.
გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემა იცვლება განაწილებული გადასახადის (tax sharing) სისტემით და 2019 წლის 1-ელი იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადის 19% მუნიციპალიტეტზე განაწილდება. ამას მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარედგინა.
დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილება განხორციელდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის, 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობის, მუნიციპალიტეტის ფართობის და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.
კერძოდ, მუნიციპალიტეტებისთვის განკუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადის: 60% ნაწილდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მიხედვით; 15% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6 წლამდე ბავშვების რაოდენობის მიხედვით; 10% ნაწილდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე მოზარდების რაოდენობის მიხედვით; 5% ნაწილდება მუნიციპალიტეტის ფართობის მიხედვით; 10% ნაწილდება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრების სტატუსის მქონე პირთა რაოდენობის მიხედვით.
პროექტის თანახმად, წლიური ბიუჯეტის კანონით განისაზღვრება დამატებული ღირებულების გადასახადის წლიური პროგნოზიდან გამომდინარე, თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ზემოაღნიშნული წესით გამოთვლილი გასანაწილებელი გადასახადის ოდენობა, პროცენტულ გამოხატულებაში დღგ-ის მთლიან ოდენობის 19%-თან მიმართებაში.
ამასთან, კოდექსით განისაზღვრება გათანაბრებითი ტრანსფერიდან განაწილებულ გადასახადზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი 2019-2023 წლებისათვის. გარდამავალ პერიოდში დგინდება თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის წინა წელთან ზრდის შეზღუდვა, რომელიც 2019 წლისათვის განსაზღვრულია 25%-ით, ხოლო 2020-2023 წლებში, წინა წელთან შედარებით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება წლიური ბიუჯეტის კანონით. აღნიშნული მაჩვენებელი თითოეულ წელს არ უნდა იყოს 25%- ზე ნაკლები. განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში მიიმართება, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.