ტაქსის მფლობელს შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები უსასყიდლოდ გადაეცემა

„ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, მფლობელს, რომელიც შესაბამის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, ჰყავს მარცხენასაჭიანი და 4-კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისი თქმით, ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.

„ტაქსებთან დაკავშირებული კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რომელიც მორგებულია მომხმარებელთა მოთხოვნაზე. მხედველობაში მაქვს ტაქსების ჰიგიენური მდგომარეობა. ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე ტაქსებს გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ტაქსის მფლობელებს არ მოუწევთ არცერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება ფინანსები. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, დააფინანსებს ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს და სალონის ქიმიურ წმენდას.

სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები განხორციელდება 2018-2019 წლის პერიოდში და 2019 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის ტაქსის ბაზარი განახლებული იქნება თეთრი, მოწესრიგებული ტაქსებით. მინდა კარგად გვესმოდეს, რომ ტაქსის რეფორმა ემსახურება ამ სფეროს განვითარებას და მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება უკეთესი მომსახურების მიწოდებას. ამდენად, ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული,” - განაცხადა კახა კალაძემ.