ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ძალიან იზრდება მოხმარება ენერგეტიკულ სექტორში და ეკონომიკის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს მცირე ჰესების განვითარებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ბოდორნაჰესის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნათია თურნავამ კომპანია GWP-ს წარმომადგენლებს მიულოცა ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება, მან ასევე პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკს და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოდორნაჰესის მშენებლობისთვის განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ.
როგორც ჰესის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, ბოდორნაჰესი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თავის მხრივ თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება.
ნათია თურნავას შეფასებით, ბოდორნაჰესი, გარდა იმისა, რომ 15 მილიონ კილოვატ საათს შემატებს სისტემას, იმითაცაა გამორჩეული, რომ ე.წ. „მწვანე ჰესია“.
„ის იმ კატეგორიის სადგურებს მიეკუთვნება, რომლებზეც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის ენერგეტიკოსებსა და გარემოს დაცვით სპეციალისტებს შორის იმ თვალსაზრისით, რომ არის მხოლოდ სიკეთის და დასაქმების მომტანი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და ასევე იმ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ბევრი სხვა ბიზნესი შეიძლება ვერ განვითარდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დღეს საქართველოში დაახლოებით 80-მდე ასეთი ტიპის მცირე სადგურია, თუმცა ეს არ შეესაბამება ჩვენს პოტენციალს, მზარდ მოთხოვნებს და ეს მიმართულება განსაკუთრებით მხარდასაჭერია.
„გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ახალი, მათ შორის მცირე სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის მომსწრეები გავხდებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.