მულტიმედიური პლატფორმა Netflix-ი საშუალებას მისცემს მაყურებელს, რომ მათ ფილმისა და სერიალის სიუჟეტზე გავლენა იქონიონ. ამის შესახებ Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, Netflix-ი გეგმავს გადაიღოს რამდენიმე ფილმი, რომლის ყურებისას მაყურებლები წარმოდგენილი რამდენიმე ვარიანტიდან შეარჩევენ სიუჟეტის განვითარების ხაზს. აღნიშნული პროექტის რეალიზება კი წლის ბოლოდან იგეგმება.
პირველი მსგავსი ფორმატის პროექტი იქნება სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სერიალი „შავი სარკე“, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდზე სიუჟეტს მაყურებლები თავად შეცვლიან.
Netflix - ეს არის კომპანია, რომელიც საკუთარი პროდუქციის მეტწილად სერიალების დემონსტრირებას ახდენს ფასიანი ხელმოწერების მიხედვით. ის 1997 წელს დაარსდა და უკვე 2013 წლიდან იღებს საკუთარ სერიალებს, რომლებშიც წამყვანი მსახიობები და რეჟისორები არიან დაკავებული. ის ასევე იღებს ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს. 2018 წლის იანვრის მონაცემებით, მისი ხელმომწერების რაოდენობამ 130 მილიონი ადამიანი შეადგინა, რომელთა ნახევარზე მეტი აშშ-ში ცხოვრობს. სერვისი ხელმისაწვდომია მსოფლიოს 190 ქვეყანაში.
კოკა კვირკველია