თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე, საკრებულოს სხდომაზე, ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, იგი მიესალმება ყველა წინგადადგმულ ნაბიჯს და იმ რეფორმებს, რომლებიც დედაქალაქისა და ქვეყნისთვის სასიკეთოა, მათ შორის იმ რეფორმებსაც, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა. რევაზ სოხაძის თქმით, კახა კალაძის ახალი ინიციატივა და ზოგადად ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციები არის წინგადადგმული ნაბიჯი.
„მე, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მივესალმები ყველა რეფორმას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთოა. მივესალმები, მათ შორის, თქვენს დროს განხორციელებულ საპატრულო პოლიციისა თუ სამარშრუტო ტაქსების რეფორმას. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თქვენ ყველა რეფორმას ერთი ხელის მოსმით ახორციელებდით და სამარშრუტო ტაქსის მძღოლები წინა დღეს იგებდნენ, რომ უმუშევრები რჩებოდნენ. ჩვენ ერთი წლით ადრე გავაგებინეთ ტაქსის მძღოლებს, რომ რეფორმა იგეგმებოდა და ისინი ეტაპობრივად ყველა ნაბიჯს გაივლიან“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
რევაზ სოხაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ თბილისის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ტაქსებისთვის რეგულაციების შემოღებას მიესალმება და მოსწონს ის, რომ ამ სფეროშიც მალე დამყარდება წესრიგი. სოხაძის თქმით, მალე თბილისში გვეყოლება ტაქსები, რომლითაც გადაადგილება იქნება უსაფრთხო და კომფორტული.
„ოპოზიცია ვერ შეგვიშლის ხელს იმაში, რომ მოვაწესრიგოთ ქალაქი. ჩვენ ვართ უბრალო მოქალაქეები, დღეს ვართ საკრებულოში, ხვალ აღარ ვიქნებით და გვინდა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ იმ ვადაში, რაც მოსახლეობამ განგვისაზღვრა, რაც შეიძლება მეტი კარგი საქმე გაკეთდეს ამ ქალაქში“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.