ავსტრალიის მთავრობა ვარაუდობს, რომ 2018-2019 წლებში ქვეყნის წიაღისეული რესურსების ექსპორტი რეკორდულ 252 მილიარდ ავსტრალიურ დოლარს (182 მილიარდ ამერიკულ დოლარს) მიაღწევს.
ეს მეტწილად ისეთი რესურსების გაძვირების ხარჯზე მოხდება, როგორიც ბუნებრივი გაზია. გარდა ამისა, ექსპორტის ზრდას, ავსტრალიური დოლარის სისუსტეც შეუწყობს ხელს.
ქვეყნის მრეწველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ 2019-2020 წლებში რესურსების ექსპორტი 238 მილიარდ ავსტრალიურ დოლარამდე შემცირდება. თუმცა შემდეგ ისევ ზრდას გააგრძელებს, რასაც მსოფლიო ბაზრებზე მოთხოვნის შეუწყობს ხელს. შედარებისთვის, 2017-2018 წლებში ავსტრალიის რესურსების ექსპორტი 227 მილიარდი ავსტრალიური დოლარი იყო.
„მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ფონზე, სამრეწველო წარმოებაც და გადამამუშავებელი მრეწველობაც სწრაფი ტემპით იზრდება. თუმცა არსებობს იმის ნიშნებიც, რომ ვაჭრობასთან დაკავშირებული დაძაბულობა, რესურსების და ენერგიის მწარმოებლების სიფრთხილეს იწვევს“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაჩაღებული სატარიფო ომი, გლობალურ ბაზრებს პირდაპირ ეხება და ზრდის იმის შიშს, რომ ეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდას შეამცირებს. ჩინეთი ავსტრალიის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მისი ექსპორტის თითქმის ნახევარს ითვისებს. ჩინეთის შემდეგ მოდიან იაპონია და სამხრეთ კორეა.
ავსტრალია ვარაუდობს, რომ რკინის მადანზე, რომელიც ფოლადის წარმოების მთავარი ნედლეულია, 2019 წელს ფასი (ტონაზე) 52 დოლარამდე შემცირდება, 2020 წელს კი 51 დოლარამდე დაიკლებს. შედარებისთვის, ტონა რკინის მადანი წელს 59.40 დოლარი ღირს. სამაგიეროდ, 2019-2020 წლებში ავსტრალიიდან ექსპორტირებული რკინის მადნის მოცულობა 878 მილიონ ტონამდე გაიზრდება. შედარებისთვის, 2017-2018 წლებში ექსპორტზე 849 მილიონი ტონა გავიდა.
სახელმწიფო ასევე აცხადებს, რომ მეტალურგიული ქვანახშირის ფასი 2019 წელს 159 დოლარს მიაღწევს. 2018 წელს ამ რესურსის საშუალო ფასი 201 დოლარია. რკინის მადნის ფასის შემცირება 2020 წელსაც გაგრძელდება და 145 დოლარამდე დაიწევს.
დეპარტამენტმა პირველად გამოაქვეყნა ლითიუმით ვაჭრობის მონაცემები. ამ რესურსზე მოთხოვნა, ელექტრომობილების წარმოების ზრდის კვალობაზე მატულობს. ავსტრალიაზე კი ლითიუმის მსოფლიო მოპოვების დაახლოებით 17 პროცენტი მოდის. თუ 2012 წელს ავსტრალიიდან 117 მილიონი დოლარის ღირებულების ლითიუმის შემცველი მადანი გავიდა, 2017 წელს მისი მოცულობა 780 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, 2020 წელს კი 1.1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ამასთან, დასავლეთ ავსტრალიაში, ლითიუმის მადნის გადამამუშავებელი ხუთი ახალი ქარხანა ამოქმედდება.