საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები ხვალ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდებიან.
ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დიალოგის ფორმატში წარიმართება. პრემიერთან შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იმართება და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც დაესწრებიან.
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში ბიზნეს ასოციაციას პირველად ხვდება. შეხვედრაზე მხარეები იმსჯელებენ ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებებზე.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღებენ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.