1-ელიდან 30 სექტემბრის ჩათვლით „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე დიდი თანხა დავით და ირაკლი კირკიტაძეებმა შესწირეს.ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი და დავით კირკიტაძეებმა პარტიას 60-60 ათასი ლარი შესწირეს. გარდა ამისა, 30 ათასი ლარი პარტიას ნიკანორ მელიამ შესწირა. 10 ათასი ლარი აქვს პარტიისთვის შეწირული პეტრე ცისკარიშვილს.
„ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველთა სიაში არიან თბილისის საკრებულოს დეპუტატები. კერძოდ, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა პარტიას 15 ათასი ლარი შესწირა, ლევან ხაბეიშვილმა და ირაკლი ნადირაძემ 12- 12 ათასი ლარი, ლილე ლიპარტელიანმა 10 ათასი ლარი, ხოლო მარინა დათუკიშვილმა 9990 ლარი შესწირა. ყველაზე მცირე თანხა - 1 ლარი პარტიისთვის ბეჟან ხელიძეს აქვს შეწირული.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ პერიოდში, ჯამში, 442 691 ლარის შეწირულება მიიღო.
რაც შეეხება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ჯამში პარტიას, 1-ელიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, 91 196 ლარი აქვს მიღებული. ყველაზე მსხვილი შემწირველი აღნიშნულ პერიოდში ნათია მილდიანი იყო, რომელმაც პარტიას 10 ათასი ლარი შესწირა. გარდა ამისა, პარტიას 2700 ლარის არაფულადი შეწირულება აქვს მიღებული.