„რეზონანსი" - მთავრობამ ლარის კიდევ უფრო გაუფასურება დაგეგმა

2019 წელს მთავრობას ლარის კიდევ უფრო გაუფასურება აქვს დაგეგმილი.მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ლარი დოლარის მიმართ 2.63 იქნება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, კურსი, რომელიც მოსახლეობისათვის საგანგაშოა, ოპტიმისტურად მიაჩნიათ სფეროს სპეციალისტებს. მათი აზრით, თუ ხელისუფლება შეძლებს, 2019 წელს ლარი 2.63-ს არ გადასცდეს დოლარის მიმართ, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტი იქნება.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2019 წელს 2.63-ის ნიშნულთან იქნება.

პროექტით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის არა უმეტეს 19.715 მლრდ ლარი იქნება, მათ შორის სახელმწიფო საგარეო ვალი – 15.315 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალი 4 მლრდ-ს გაუტოლდება.

გარდა ამისა, როგორც პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით.

საყურადღებოა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი 2,59-ის ნიშნულზეა. შესაბამისად, წელს კურსი 2,40-სა და 2.60-ს შორის მერყეობდა. აქედან გამომდინარე, გაისად ლარი დოლარის მიმართ 2,55-დან 2,75-ის დიაპაზონში იტრიალებს, რაც მოსახლეობისა და ბიზნესისთვის უდიდესი დარტყმა იქნება. გაძვირდება საწვავი, პროდუქტები, მედიკამენტები და ბოლოს კომუნალური გადასახადები.

სამეკმა 3 წლითს დადგენილი ტარიფებიდან წლის ბოლომდე დენის საფასურის გადათვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით უკვე განაცხადა. გადასახადის ოდენობა მაშინ დადგინდა, როცა 2.50-ზე იანგარიშებოდა საპროგნოზო მაჩვენებელი. გაისად, როდესაც კურსი სტაბილურად 2,65-ს მიაღწევს, სხვა პროდუქტების გაძვირებასთან ერთად, სავარაუდოა, რომ ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გამანაწილებელი კომპანიები მოითხოვენ ტარიფის კიდევ ერთხელ დაანგარიშებას.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ბიუჯეტის პროექტში ჩაწერილი ლარის გაცვლითი კურსის (2.63) მთელი 2019 წლის განმავლობაში შენარჩუნებას ეჭვის თვალით უყურებს და იხსენებს, რომ ლარი ყოველთვის უფრო მეტად უფასურდებოდა, ვიდრე ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტით იყო ნავარაუდევი.

„როგორც წესი, საპროგნოზო მაჩვენებელი ყოველთვის სავარაუდოა და არასოდეს ემთხვევა ზუსტ რეალობას, რომელიც შემდეგ წელს დგება ხოლმე. მათ მოლოდინი აქვთ, რომ ლარი შენარჩუნდება 2.63-ზე. პრინციპში, დღესაც ეს მდგომარეობაა. მოდი, ვთქვათ ასე, თუ ლარი შენარჩუნდება იმ ნიშნულზე, რაც საპროგოზო მაჩვენებლით ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ გვითხრეს, ის იქნება ძალიან კარგი, ე. ი. მომავალ წელს გვექნება სტაბილური ლარი, მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებელს ყოველთვის აჭარბებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტემპი", - განუცხადა „რეზონანსს" ჯანიაშვილმა.

დაგეგმილ მაჩვენებელს საეჭვოდ მიიჩნევს საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილიც. როგორც ის „რეზონანსთან" აცხადებს, ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ეს პაროგნოზი თუ გამართლდება, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება ქვეყნისთვის.

„მთავრობა ლარის კურსს ადგენს იმის მიხედვით, თუ რა შემოსავლის მიღებას ელის და როგორ აქვს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა. მართალია, ეს ვარაუდი იშვიათად მართლდება, მაგრამ იგი ნამდვილად საორიენტაციოა მთელი წლის განმავლობაში. ეგზოგენური და შიგა ფაქტორების გამო ეროვნული ვალუტა მეტად უფასურდება ხოლმე, ვიდრე ეს ოფიციალურ მაჩვენებლებშია ასახული.

ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ინფლაციური რისკი საკმაოდ მაღალი ქნება და ამ დროს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარიმართება ქვეყანაში ეკონომიკური პროცესი", - აღნიშნა „რეზონანსთან" მიხეილ თოქმაზიშვილმა.

ეკონომიკურ გუნდს არ აქვს იმის მოლოდინი, რომ ეროვნული ვალუტა ამაზე მეტად გამყარდება. კომპანია „ფინექს 1970"-ის ანალიტიკოსი ნიკა შენგელია განმარტავს, რომ ტრენდი დოლარი/ლარის კოტირებისა, აღმავალია. სტაბილურობის შენარჩუნება 25 დეკემბრიდან დაიწყება, ხოლო იანვრიდან ისევ გაუფასურების ტენდენცია წავა.

„ის, რომ მთავრობამ ბიუჯეტში 2.63 ნიშნული ჩადო, ნიშნავს, რომ ლარი წონასწორობის ახალ ნიშნულზე გადადის. რაც შეეხება ლარის პროგნოზს, უახლოესი 1 თვის განმავლობაში ლარის კურსი დოლარის მიმართ დაახლოებით 2.72 ნიშნულზე იქნება", - აცხადებს შენგელია.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი „რეზონანსი"