სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოხელეს მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურებაც კი აქვს.
ამ ჩინოვნიკების შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა. ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრზე მაღალი შემოსავალი მიიღო გასულ წელს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მაკა გვარამიამაც, რომლის წლიური შემოსავალიც 76 110 ლარი იყო. ცნობისთვის, გასულ წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა 51 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მაკა გვარამია ფლობს, თბილისში მდებარე 115 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას და 48,24 კვ. მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს, რომელიც 2016 წელს 40 000 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Toyota Prado, რომელიც 2016 წელს 47 500 დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება გვარამიას ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე - 2 814.73 ლარი; ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით - 14 000 და 12 500 დოლარი ჰქონდა.
მაკა გვარამიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლე ფლობს 150 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 456,98 ლარი ჰქონდა. მანვე 2017 წელს "რეიაპ ჰოსპიტალში" (თურქეთი) ექიმად მუშაობისას 40 000 დოლარის შემოსავალი მიიღო.
ცნობისთვის, მაკა გვარამია, აღნიშნულ პოსტს 2015 წლიდან იკავებს.