მომავალი წლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, ასევე ავტომანქანები ევროპული სტანდარტების კომუნიკაციის სისტემით აღიჭურვება,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება კომპანია „მოტოროლასთან“, რომელიც უწყებას ტექნიკით უზრუნველყოფს.
„დავასრულეთ მოლაპარაკებები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კომპანია „მოტოროლასთან“. უახლოეს დღეებში მოვაწერთ კონტრაქტს ხელს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, საქართველოში მთლიანად მოვაწესრიგოთ და დავარეგულიროთ კრიზისულ სიტუაციებში კავშირგაბმულობის პრობლემა. ყველა მეხანძრეს და მენეჯერს უნდა ჰქონდეს შესაბამისი რაცია, მანქანები უნდა აღიჭურვოს, რაც ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. მომავალი წლიდან გვექნება ევროპული სტანდარტების, საერთაშორისო დონის კრიტიკული კომუნიკაციების სისტემა. იფარება ის ტერიტორიები, რომელზეც დღეს არ გვაქვს წვდომა, მაგალითად, ტყეები და ხანძრების დროს რთულია კომუნიკაცია, ამიტომ ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად კონტრაქტი 5,3 მილიონი ლარის ხარჯს ითვალისწინებს.