ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, მოსახლეობამ მექანიკური მეთოდებიც უნდა გამოიყენოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათი ინფორმაციით, აზიური ფაროსანა, ტემპერატურის კლებასთან ერთად, საცხოვრებელი სახლებისა და შენობებისკენ ეტაპობრივად იწყებს გადაადგილებას. უწყების ცნობით, მავნებელი ახლომდებარე დასახლებებისკენ ტყის მასივებიდანაც გადაადგილდება.
„ვინაიდან, ტყის მასივებში ქიმიური ღონისძიებების ჩატარება კანონმდებლობით აკრძალულია, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყისპირა პერიმეტრებზე მავნებელთან ბრძოლა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, პარალელურად, მნიშვნელოვანია ტყიდან გამოსული ფაროსანას მექანიკური ღონისძიებებით, მათ შორის, დამჭერი ხაფანგებით განადგურება.
მექანიკურ მეთოდებთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით, საკოორდინაციო შტაბისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ.
მექანიკური მეთოდები გულისხმობს:
1. მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივ კონსტრუქციებს, რომლებიც თავსდება საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას. ამ გზით შესაძლებელია გამოზამთრების ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება.
2. სახლებში შესული ფაროსანას მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურება.
3. ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდი. ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი კვდება“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფო სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს.
„მონიტორინგის შედეგების მიხედვით იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის რიცხოვნობა მაღალია, შეწამვლის სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით ტარდება. თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურებით 700 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. სახელმწიფოს მიერ, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. 2018 წელს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანა არ გავრცელდა აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში კი, მისი რიცხოვნობა შემცირებულია. ცხელი ხაზი: 15-01
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www. parosana.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.