რაჭის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურ ფაზაშია.ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 1080 ტონა ყურძენი: მუჯურეთული და ალექსანდროული დაიკრიფა და ჩაბარდა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი რაჭაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„რაჭის რეგიონში წელს ალექსანდროულისა და მუჯურეთულის საუკეთესო მოსავალია. ხარისხთან ერთად, გაზრდილია მოსავლის რაოდენობაც. ბოლო წლებში რეგიონში ახალი ვენახები გაშენდა და წელს, გასულ წლებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულ მოსავალს ველოდებით რაჭაში. დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 15 ღვინის მწარმოებელი კომპანია 5 ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირდა 33 ღვინის ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს ჩაიბარებს“, - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.
სააგენტოს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 25 სექტემბერს გაიხსნა. ყურძნის მიმღები პუნქტები 9 საათიდან 18.00 საათამდე მუშაობს. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები. წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონაზე მეტ მოსავალს ელიან.
ამასთან, რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც გადამუშავებულია 200 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში მევენახეების შემოსავალმა დაახლოებით 300 მლნ ლარს მიაღწია.