აგვისტოში ბოლო 3 წლის განმავლობაში ეკონომიკის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - რა იქნება სექტემბერში

2018 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, ეს მაშინ, როდესაც ივლისში ზრდა 4,6% იყო.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ „აგვისტო ნელი თვეა“ და შესაბამისად, გიორგი ქობულია ასეთი დაბალ მაჩვენებელში პრობლემას ვერ ხედავს. თუმცა აქვე ზრდის შენელების მიზეზებზეც საუბრობს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, ისევე როგორც ივნისისა და ივლისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეფასებისას, ახლაც „მშენებლობის ნებართვების გაცემის ტემპის შეჩერებას“ ასახელებს.

აგვისტო, მართალია მართლაც „ნელი“ თვეა, თუმცა 2016-2017 წლებში ეს ასე ნამდვილად არ იყო. 2016 წლის ივლისში ეკონომიკა 2,1%-ით გაიზარდა, აგვისტოში კი 2,9%-ით, 2017 წლის ივლისში ზრდა 3,8% იყო, აგვისტოში კი 4,3%. როგორც ჩანს, წელს აგვისტო უფრო „ნელი“ აღმოჩნდა, ვიდრე წინა წლებში.

bpnbpnbpn

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ექსპერტების თქმით, კონკრეტულად ერთი თვის შეფასება და ახსნა, თუ რატომ იყო 2%-იანი ზრდა აგვისტოში, რთულია, თუმცა ფაქტია, რომ დადებითი განწყობა, რაც მიმდინარე წლის 1-ლი კვარტლის განმავლობაში არსებობდა და ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელიც გვქონდა, ახლა შენელებულია.

რა ფაქტორებმა განაპირობა დაბალი ეკონომიკური ზრდა აგვისტოში და რას უნდა ველოდოთ სექტემბერში - ამ თემაზე სტატისტიკოსმა, ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„წლის განმავლობაში ბიზნეს აქტივობის თვალსაზრისით, ორი თვეა ნახევრად მიძინებულ მდგომარეობაში. ეს არის წლის დასაწყისი იანვარი და აგვისტო, რა პერიოდშიც წარმოებაც არასრული დატვირთვით მუშაობს. თუმცა, წელს აგვისტოში ბიზნეს საქმიანობის პასიურობას კიდევ რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა, რამაც ასევე თავისი წვლილი შეიტანა დაბალ ეკონომიკურ ზრდაში. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სამშენებლო რეგულაციების ფაქტორი. მისი გავლენა აგვისტოში ივნის-ივლისთან შედარებით არანაკლები იყო, თუ მეტი არა,“-აღნიშნა არჩვაძემ.

რაც შეეხება პროგნოზს, არჩვაძის შეფასებით, სექტემბრის მიღწევების ფონზე მე-3 კვარტლის მაჩვენებელი გაცილებით უკეთესი იქნება და ისეთი ჩავარდნა როგორიც აგვისტოში იყო, აღარ უნდა გვქონდეს.

„სექტემბერში ეკონომიკური ზრდის შედარებით დადებითი ტენდენცია დაფიქსირდება, რაც დიდ წილად რთველის წარმატებით ჩატარებას უკავშირდება. წელს რთველის შედეგად, ძირითადად კახეთში მაგრამ სხვა რეგიონებშიც გლეხობამ რეკორდულად მაღალი ფულადი შემოსავალი - 244 მლნ ლარი მიიღო. ეს კი აუცილებლად მოახდენს გავლენას ეკონომიკურ მაჩვენებელზე და ვფიქრობ, სექტემბრის მაჩვენებელი არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ მთლიანად ეკონომიკური ზრდის უკეთესი იქნება,“- განაცხადა არჩვაძემ.

bpn

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური