დანია დიზელის და ბენზინის ძრავების აკრძალვას აპირებს

დანიის მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც შიდაწვის ძრავებით აღჭურვილი ახალი ავტომობილების გაყიდვებს აკრძალავს.

ამ გეგმის შესაბამისად, ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 2030 წლიდან აიკრძალება, ჰიბრიდულებისა კი - 2035 წლიდან. მიზანი ერთია - გამონაბოლქვისგან ატმოსფეროს დაცვა.

არადა, სულ ორიოდე წლის წინ, მთავრობამ ელექტრომობილებზე გადასახადი გაზარდა, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურა. შედეგმაც არ დააყოვნა - თუ მანამდე ქვეყანაში გაყიდული ახალი ავტომობილების დაახლოებით 3 პროცენტი ელექტრომობილი იყო, გადასახადის გაზრდის შემდეგ, მათი გაყიდვები თითქმის ნულზე დავიდა.

„ეს დიდი მიზანია, რომლის შესრულებაც იოლი არ იქნება. მაგრამ სწორედ ესაა იმის მიზეზი, თუ რატომ ვისახავთ ასეთ რთულ ამოცანას“, - კანონპროექტის პარლამენტში წარდგენის შემდეგ განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა.

პარლამენტი კანონპროექტს მომავალ კვირაში განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში, ის კანონი გახდება.

დანიამდე მსგავსი გეგმები ბრიტანეთმა და საფრანგეთმა შეიმუშავეს. ოღონდ, ისინი ბენზინის და დიზელის ძრავებით აღჭურვილი ახალი ავტომობილების გაყიდვების აკრძალვას 2040 წლიდან აპირებენ. ამ მიმართულებით უკვე შესამჩნევი პროგრესია სკანდინავიის ქვეყნებში. მაგალითად, შვედეთში გაყიდული ახალი ავტომობილების 7 პროცენტი ელექტრომობილია. ნორვეგიაში კი ახალი ავტომობილების დაახლოებით ნახევარი, ჰიბრიდული ან ელექტრულია.

დანიას უფრო შორს მიმავალი მიზანიც აქვს. ეს ქვეყანა ქარის ენერგიის ათვისების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში. 2050 წლიდან კი იქ ორგანულ საწვავს საერთოდ აღარ გამოიყენებენ.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: „ვოლვომ“ შარშან გამოაცხადა, რომ მხოლოდ შიდაწვის ძრავებზე მომუშავე ავტომობილების წარმოებას შეწყვეტს. შვედური კომპანია 2019 წლიდან მხოლოდ ჰიბრიდული და ელექტრული ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებს გამოუშვებს.