საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა იწყება.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს პროფესიული საქმიანობა და კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს - სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის. 2018 წელს, სტაჟირების პროგრამა პირველად იქნება ანაზღაურებადი, რაც დამატებითი სტიმული იქნება დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
„პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ უმაღლესი იურიდიული და ეკონომიკური განათლების მქონე პირებს. სტაჟიორები მიიღებიან ინსპექტორ - გამომძიებლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში არსებულ ოფისებში.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და განაცხადების ელექტრონულად შევსება 4 ოქტომბრიდან - 14 ოქტომბრის ჩათვლით შესაძლებელია საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე მითითებულ სპეციალურ ველში - „სტაჟირება საგამოძიებო სამსახურში“.
სტაჟიორების მიღება მოხდება კონკურსის წესით სამ ეტაპად - პროფესიული ტესტირება, ზოგადი უნარები და გასაუბრება. კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორები ექვსთვიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს გაივლიან. კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებული სტაჟიორები საგამოძიებო სამსახურში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე დასაქმდებიან.
პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორები თეორიულ მეცადინეობას, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში, ხოლო პრაქტიკული სწავლების ეტაპს საგამოძიებო სამსახურის თბილისის და რეგიონულ ოფისებში გაივლიან. ისინი დეტალურად გაეცნობიან ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას და ყველა ძირითად საერთაშორისო „გაიდლაინს“, ასევე საგამოძიებო უწყების საქმიანობის ძირითად ამოცანებს და მუშაობის სპეციფიკაციას. სტაჟირების პროგრამა დაეხმარება მათ მიიღონ შესაბამისი ცოდნა და გამოიმუშაონ ყველა საჭირო პრაქტიკული უნარ - ჩვევა, რაც მომავალში წარმატებულ და ეფექტიან საქმიანობაში დაეხმარებათ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიზანია სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მოხდეს შესაბამისი განათლების მქონე მოტივირებული ახალგაზრდების მოზიდვა და დასაქმება, რაც სამსახურის ეფექტიანი საქმიანობას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავენ საგამოძიებო სამსახურში.