ბრიტანეთს ბრექსიტი კვირაში 500 მილიონი სტერლინგი უჯდება

კვლევით ჯგუფ „ევროპული რეფორმების ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევის შესაბამისად, ბრიტანეთის მთავრობას ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება, კვირაში 500 მილიონი სტერლინგი უჯდება.ეს იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ის დანაზოგი, რომელსაც ქვეყანა ბლოკისადმი გადასახადების გადახდის შეჩერებით მიიღებს.

კვლევის მიხედვით, ბრიტანეთის ეკონომიკა იმაზე 2.5 პროცენტით პატარაა, ვიდრე ბრექსიტის რეფერენდუმის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში იქნებოდა. კვლევის შედეგები 2018 წლის ივნისის ბოლოსთვის არსებული სტატისტიკის მონაცემებზეა ბაზირებული.

სახელმწიფო წლიურად 26 მილიარდ სტერლინგს კარგავს, რაც კვირაში 500 მილიონი სტერლინგის ექვივალენტურია. უფრო მეტიც, კვლევითი ჯგუფი ირწმუნება, რომ ეს რიცხვი სულ უფრო იზრდება.

კვლევის ფარგლებში, „ევროპული რეფორმების ცენტრმა“ შეიმუშავა მოდელი, რომელიც აღწერს ბრიტანეთის ეკონომიკის მდგომარეობას იმ შემთხვევისთვის, თუ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგეები გაიმარჯვებდნენ.

ჯგუფმა თავისი ანალიზისთვის, იმ 22 მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნის მდგომარეობა გამოიყენა, რომლებიც განვითარების მხრივ, ბრიტანეთთან ახლოსაა. გასაშუალოებული შედეგი კი ბრიტანეთის ეკონომიკის ახლანდელ მდგომარეობას შეადარეს.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ბრიტანეთის ეკონომიკას ყველაზე უარესი ექვსთვიანი მონაკვეთი ჰქონდა 2011 წლის მეორე ნახევრის შემდეგ. ამის მიზეზი ისაა, რომ კავშირიდან გასვლამდე, კომპანიები ფრთხილობენ და ამის გამო, ახალი ინვესტიციებისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ.