გენერალური აუდიტორის მოადგილის, ეკატერინე ღაზაძის განცხადებით, გასულ პერიოდში განხორციელებულ 10 შემოწირულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური დამატებით შეისწავლის.
როგორც ღაზაძემ ჟურნალისტებს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადა, აღნიშნული შემოწირულებები ფიზიკურმა პირებმა განახორციელეს.
"ბოლო სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ 2 ოქტომბერს. წინა პერიოდებს რაც შეეხება, დამატებითი კითხვები გაგვიჩნდა 10 ფიზიკური პირის შემოწირულებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ფიზიკური პირები შესაბამისი უწყებით მოვიწვიეთ გასაუბრებაზე. ისინი არიან რამდენიმე ლიდერი პარტიის შემომწირველი პირი",- განაცხადა ღაზაძემ.