"იმ ფონზე, როდესაც მთელი მედია სივრცე, პოლიტსპექტრი და საზოგადოება დაკავებულია მდარე, არაფრის მომცემი, არაპროგრესული, ჩამორჩენილი, პროვინციალური სახის გარჩევებითა და კამპანიით, ქვეყანა კარგავს ფასდაუდებელ დროს და პირდაპირი მნიშვნელობით მილიარდებს პოტენციური ინვესტიციების სახით"- ამის შესახებ სამართლებრივი ტექ-ტანკის დამფუძნებელი და ევროკავშირის ბლოკჩეინის პროგრამის ექსპერტი ლევან ბოძაშვილი საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" ბოძაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"იმ ფონზე, როდესაც მთელი მედია სივრცე, პოლიტსპექტრი და საზოგადოება დაკავებულია მდარე, არაფრის მომცემი, არაპროგრესული, ჩამორჩენილი, პროვინციალური სახის გარჩევებითა და კამპანიით, ქვეყანა კარგავს ფასდაუდებელ დროს და პირდაპირი მნიშვნელობით მილიარდებს პოტენციური ინვესტიციების სახით. განვითარება და სწრაფი ფული, ინვესტირება არის დღეს ტექნოლოგიებში და არსად სხვაგან. სინგაპურმა მოახდინა ე.წ. ICO-ების ლეგალიზება- ერთ წელში მიიღო 1.5 მილიარდის ინვესტირება, მალტამ მოახდინა კრიპტობირჟების ლეგალიზება ივნისში - 600 მილიონზე მეტი ინვესტირების მოზიდვით რამდენიმე თვეში, ერთი ლიცენზია 150 000 ევრო ღირს. უზბეკეთმაც კი სექტემბერში ამ ბირჟების ლეგალიზება მოახდინა და მიიღებს დიდ ინვესტირებას სფეროში.
ჩვენ რას ველოდებით? ეროვნული ბანკის პოზიციაა, რომ ჯერ სხვების გამოცდილებას დავაკვირდებითო. კი მაგრამ, აქ სწორედ რომ სახელმწიფოს დასწრებაა მთავარი თორემ სხვები რომ მასიურად მოახდენენ ლეგალიზებას მერე შენთან ვინღა შემოიტანს ინვესტიციას. ახლა აქედანაც კი გარბიან კომპანიები და მალტაში ყიდულობენ ლიცენზიებს იმიტომ, რომ აქ ელემენტარულად ლეგალიზებული არ არის.
პრემიერს ჰქონდა გადასარევი ინიციატივა გუშინ (ცოტა ხნის წინ რაზეც ვსაუბრობდი - "ესტონეთიზაციაზე"), ესტონეთის მსგავსი მოდელის დანერგვა, გაშუქება მინიმალური. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, საჭიროა სტრატეგიული ხედვა, დიდი და სწრაფად განხორციელებადი გეგმა, განაწილება ფუნქციონალურად სამინისტროებზე და ერთ წელში მარიხუანის კულტივაციით მისაღები მილიარდი ლარი მოგვეჩვენება მზესუმზირის ფულად.
მსოფლიო - ნანოტექნოლოგია, ბიოტექნილოგია, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი....
საქართველო - ფარცხალაძე, ყიფიანი, გამიშვი-გამატარე, ა.შ.",-წერს ლევან ბოძაშვილი.