1513 დასაქმებული სამსახურის გარეშე და 60 150 მილიონი ლარით გაზრდილი სახელფასო ფონდი სახელმწიფოსგან - ასეთია 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს ფინანსთა სამინისტრომ უკვე წარუდგინა.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სრულიად გაუგებარია, როდესაც ერთი მხრივ, მუდმივად ოპტიმიზაციაზე მიდის საუბარი, მეორე მხრივ კი, მუდმივად იზრდება სახელფასო ხარჯი.
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, სახელფასო ხარჯი იზრდება მაშინ, როცა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება. ოპტიმიზაციისა და სამინისტროების გაუქმების მთავარ მიზეზად, ბიუროკრატიის შემცირებასთან ერთად, მთავრობა თანხის დაზოგვას ასახელებდა.
2018 წელს დასაქმებულთა რიცხვი 113 613 ადამიანს შეადგენს, მომავალი წლის საბიუჯეტო გეგმით კი, 112 100 ადამიანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 513 დასაქმებული სამსახურის გარეშე დარჩება.
„ბიპიენის" ცნობით, ამის პარალელურად, შრომის ანაზღაურება 60,150 მლნ ლარით იზრდება. 2018 წლის გეგმის მიხედვით, შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილი იყო 1,413 მლრდ ლარი, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით კი, ეს თანხა 1,473 მლრდ ლარია.
ამ ფაქტებიდან დასტურდება, რომ ქვეყანაში არანაირი რეალური ოპტიმიზაცია არ მომხდარა. გამოდის, რომ საჯარო სექტორიდან თანამშრომლებს სახლში უშვებენ, ხოლო საბიუჯეტო ხარჯი შემცირების ნაცვლად მაინც იზრდება.
სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ, სამინისტროების ოპტიმიზაციის მასშტაბთან შედარებით, გათავისუფლებულთა რაოდენობა სასაცილოა. აშკარაა ისიც, რომ გაზრდილი ბიუჯეტი მაღალი რგოლის მოხელეებსა და მათ პრემია-დანამატებზე დაიხარჯება.
„სამწუხაროდ, ქართული მმართველობის სისტემისათვის სიმსივნედ იქცა საჯარო სექტორში ლოიალობის ნიშნით თანამშრომელთა შენარჩუნება. მიუხედავად დეკლარირებისა, მიუხედავად ევროკავშირის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ კანონის მიღებისა, ჩვენი ჩინოვნიკები ყველაფერს აკეთებენ, რომ კანონი დარჩეს ფიქციად და გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.
დარწმუნებული ვარ, ეს 1500 ადამიანიც არ იქნება, რეალურად, სამსახურიდან გაშვებული, უბრალოდ, რეზერვის ხარჯზე შეამცირა საშტატო რიცხოვნობა ფინანსთა სამინისტრომ.
ჩვენთან მუდმივად ასეთი პრაქტიკა იყო: ესა თუ ის საბიუჯეტო დაწესებულება, საჭიროებისდა მიუხედავად, ბიუჯეტის შედგენის დროს ბევრად მეტ თანამშრომელს ასახელებდა, ვიდრე რეალურად იყენებდა. ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ, რომ გამოყოფილი თანხა გამოყენებულიყო ხელფას-პრემია-დანამატისათვის. გამოდის, სწორედ ეს თანხა გაზარდა ხალხის მიერ შევსებული ბიუჯეტით დაფინანსებული სტრუქტურების ნაწილმა.
სამინისტროების მასშტაბური ოპტიმიზაციის ფონზე, უბრალოდ, სასაცილოა 1500 დათხოვნილი თანამშრომელი. ამ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ შრომის ანაზღაურების ნაწილში ბიუჯეტი 60 მილიონითაა გაზრდილი. მერწმუნეთ, მაღალჩინოსნები თავმომწონედ იტყვიან, რომ ამცირებენ ბიუროკრატიას და „გამორჩებათ" იმის თქმა, რომ ზრდიან სახელფასო ფონდს", - აცხადებს „რეზონანსთან" ალაფიშვილი.
საბიუჯეტო კაზუსზე საუბრობს "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი პაატა შეშელიძეც. მისი აზრით, წინააღმდეგობრივია მოცემლუობა, როდესაც ერთი მხრივ, ხდება ოპტიმიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, იზრდება სახელფასო ხარჯი.
„აშკარად გაუგებარი ვითარებაა, როცა ოპტიმიზაციის ფონზე მატულობს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელფასო ხარჯი. დაპირება იყო, რომ მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებით ნაკლები უნდა დაგვეხარჯა, ვიდრე აქამდე ვხარჯავდით. სამწუხაროდ, დოკუმენტს არ ვიცნობ დეტალურად, მაგრამ ძალიან არასახარბიელო ფაქტორთან გვაქვს საქმე. ეს მომენტი ერთადერთ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ მთავრობას აქვს ოპტიმისტური მოლოდინი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით", - განუცხადა „რეზონანსს" პაატა შეშელიძემ.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი „რეზონანსი"