ვეტერინარია შესაძლოა, რეგულირებადი პროფესია გახდეს. აღნიშნული ინიციატივა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს ოთარ დანელიას ეკუთვნის.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ აგრარულ კომიტეტში განუმარტეს, 2010 წლიდან ვეტერინარია ამოღებულია, როგორც რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა, შესაბამისად, განათლების უმაღლეს კურსს, რომელიც მოიცავს მაგისტრატურას, ბაკალავრიატს და დოქტორანტურას, ვეტერინარია ისევ დაემატება. ინტეგრირებული სწავლება გახდება 5-წლიანი და მისი დამთავრების შემდეგ ვეტერინარს მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭება.
„სურსათის კოდექსში შედის ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება, რომ ვეტერინარია არის რეგულირებადი საქმიანობა. ეს არის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ 2010 წლიდან ვეტერინარია ამოღებულია საგანმანათლებლო პროგრამიდან, როგორც რეგულირებადი პროფესია. შესაბამისად, ოთარ დანელიას ინიციატივა მდგომარეობდა იმაში, რომ უმაღლესი განათლების კურსს, რომელიც მოიცავს ბაკალავრიატს, მაგისტრატურას და დოქტურანტურას, დაემატა ვეტერინარია“,-განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ აგრარულ კომიტეტში და აღნიშნეს, რომ საკითხზე მუშაობა ჯერ ისევ მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მისი განხილვა საშემოდგომო სესიაზე მოხდება.
კომიტეტში აღნიშნული ინიციატივის ერთ-ერთ მიზეზად ვეტერინარების დეფიციტს ასახელებენ. კომიტეტში ამბობენ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ვეტერინარს სწავლის დასრულების შემდეგ რეცეპტის გამოწერის უფლებაც კი არ აქვს.
„თანაც, ახლანდელი სწავლებით ჩვენ სრულყოფილ სპეციალისტს ვერ ვიღებთ. მას შემდეგ, რაც ვეტერინარია ისევ რეგულირებადი პროფესია გახდება, ვეტერინარები გვეყოლება სერტიფიცირებულები და ექნებათ რეცეპტის გამოწერის უფლებაც. ეს ევროკავშირის მოთხოვნაც არის“, - განაცხადეს აგრარულ კომიტეტში.