რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება, შესაძლოა, გაიზარდოს

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება, შესაძლოა, გაიზარდოს.როგორც კომპანია "ინტერ ტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ცერცვაძემ Allnews.ge-ის განუმარტა, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის.

"პირველ ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც ესწრებოდა "ინტერ ტრანსის" დამფუძნებელი, ასევე კომპანია "ინტერ ტრანსის" დირექტორი ალექსანდრე ჯაფარიძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, სადაც გაჟღერდა ფასის სავარაუდო გაზრდასთან დაკავშირებული საკითხი", - განაცხადა სოფო ცერცვაძემ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდება, მოხდება თუ არა მგზავრობის ღირებულების გაზრდა. მგზავრობის ღირებულება, შესაძლოა, 1,50 ლარის ნაცვლად 2 ლარი გახდეს.

"თვითმართველობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი ამ სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით და ჩვენც ვიქნებით ამ ჯგუფში, რა თქმა უნდა, ჩართულები და ერთობლივად მოხდება შეთანხმება, გაიზრდება თუ არა მგზავრობის ღირებულება",- განმარტა სოფო ცერცვაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე კომპანია "ინტერ ტრანსის" ხელმძღვანელობამ წარადგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც წერია, რომ რუსთავიდან დედაქალაქში ერთი ადამიანის გადაყვანა 2,13 ლარი ჯდება, კომპანია კი მომსახურებას 1,50 ლარად ახორციელებს.

"ფასის სავარაუდო ზრდა ასევე განპირობებულია იმით, რომ მოიმატა საწვავის ფასმა, საწვავ-საპოხი მასალების ფასმა და ზოგადად კომპანიას აქვს ფინანსური კრიზისი",- თქვა სოფო ცერცვაძემ.

Allnews.ge მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას პოზიციით დაინტერესდა, რომელმაც განაცხადა, რომ იქამდე სანამ კომპანია პრობლემებს არ აღმოფხვრის, ფასის მატებასთან დაკავშირებით საუბარიც კი არ შეიძლება რომ იყოს. იხილეთ სრულად